2022 წლის 7 იანვარი
ალბანეთი
იეჰოვას მოწმეთა ასწლიანი ისტორია ალბანეთში
2022 წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებმა პირველად იქადაგეს ალბანეთში.
ერთ-ერთი პირველი ალბანელი იეჰოვას მოწმე ნაშო იდრიზი იყო. 1920-იანი წლების დასაწყისში ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და ჭეშმარიტება სწორედ იქ გაიგო ბიბლიის მკვლევრებისგან, რომელთაც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეები ეწოდათ.
ნაშო ალბანეთში 1922 წელს დაბრუნდა. მოგვიანებით შეერთებულ შტატებში მცხოვრები სხვა ალბანელებიც, რომლებიც ბიბლიის მკვლევრები გახდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად.
თანას დული ერთ-ერთი პირველი ბიბლიის მკვლევარი იყო ალბანეთში. ის იხსენებს: „1925 წელს ალბანეთში უკვე სამი კრება იყო ჩამოყალიბებული. თუმცა ქვეყნის სხვადასხვა მხარეშიც ცხოვრობდნენ ცალკეული ბიბლიის მკვლევრები და დაინტერესებულები“.
იმ პერიოდში რამდენიმე პუბლიკაციაც ითარგმნა ალბანურ ენაზე, მაგალითად, „ღვთის ქნარი“ და „ნანატრი მთავრობა“. 1925 წლის 1-ლი დეკემბრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ალბანურ ენაზე არაერთი პუბლიკაცია გავრცელდა და ეს ხალხი დიდი სიხარულით ეხმაურება ჭეშმარიტებას“.
გულმოდგინე ქადაგების გამო ხალხი მოწმეებს ალბანურად „უნჯილორას“ ეძახდა, რაც „სახარების მქადაგებლებს“ ნიშნავს. ნაშო დორი, რომელიც 1930 წელს მოინათლა, იხსენებდა: „1935 წელს ავტობუსი ვიქირავეთ, რათა ქალაქ კელციურაში გვექადაგა. ამის შემდეგ ორგანიზება გავუწიეთ, რომ სხვა ქალაქებშიც ჩავსულიყავით საქადაგებლად. ვესტუმრეთ პერმეტს, ლესკოვიკს, ერსეკას, კორჩას, პოგრადეცსა და ელბასანს. მოგზაურობა ტირანაში დავასრულეთ, ზუსტად იმ დროს, როცა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო უნდა აღგვენიშნა“.
1939 წელს ალბანეთი ფაშისტურმა იტალიამ დაიკავა და ჩვენი საქმიანობაც აიკრძალა. მალევე იტალია-საბერძნეთის ომი a დაიწყო და ჩვენი ძმების ნეიტრალიტეტიც გამოიცადა. მათ უარი თქვეს იარაღის ხელში აღებაზე, რის გამოც იმ წლებში 15 ძმა ჩასვეს ციხეში. ერთი ძმა, ნიკოდიმ შიტი, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, რის შემდეგაც მის შესახებ აღარაფერი გვსმენია.
1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ, ალბანეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. იეჰოვას მოწმეების დევნა კვლავაც გრძელდებოდა. ზოგი ჩვენი და-ძმა დააპატიმრეს და აწამეს, ზოგიც ოჯახებს მოსწყვიტეს და შრომა-გასწორების ბანაკებში გაგზავნეს. იმ წლებში ალბანეთი მთლიანად მოწყვეტილი იყო მსოფლიოს. 1959 წლის „წელიწდეულში“ ეწერა: «ქვეყნის მმართველობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს და-ძმებს, რომ „ახალი ქვეყნიერების საზოგადოებასთან“ ჰქონდეთ კავშირი, თუმცა წმინდა სულის მოქმედებას ისინი ხელს ვერ შეუშლიან». ალბანეთი 1967 წელს პირველი ათეისტური სახელმწიფო გახდა. იქ მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, რომელთა რიცხვიც საკმაოდ მცირე იყო, დიდი სიფრთხილით განაგრძობდნენ ღვთის მსახურებას.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1992 წლის 22 მაისს, დაახლოებით 50-წლიანი აკრძალვის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა კანონით აღიარება მოვიპოვეთ.
დღეს ალბანეთში 89 კრებაა, სადაც მთლიანობაში 5 550 მაუწყებელი მსახურობს. ძალიან გვიხარია, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ალბანეთში „ფეხს [იკიდებდა] და ვრცელდებოდა იეჰოვას სიტყვა მისივე ძალით“ (საქმეები 19:20).
a იტალია-საბერძნეთის ომი 1940 წლის 28 ოქტომბრიდან 1941 წლის 23 აპრილამდე მიმდინარეობდა იტალიისა და საბერძნეთის სამეფოებს შორის. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს ბალკანეთის კამპანია.