არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანგოლის ფილიალის ახალი შენობის პროექტი

2022 წლის 25 აპრილი
ანგოლა

ანგოლის ფილიალის გაფართოება

ანგოლის ფილიალის გაფართოება

ამა წლის ივნისში ანგოლის ფილიალის გასაფართოებლად 4-სართულიანი შენობის სარემონტო სამუშაოების დაწყება იგეგმება. ამ შენობაში განთავსდება დამატებითი ოფისები და საცხოვრებელი ოთახები, რადგან ფილიალი, რომელიც 2003 წელს აშენდა, ვეღარ იტევს იქ მომსახურე 207 და-ძმას. შექმნილი მდგომარეობის გამო ამჟამად ზოგი და-ძმა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ძმებმა ახალი შენობა 2021 წლის დეკემბერში შეიძინეს. ის არსებულ ფილიალთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მასში 57 საცხოვრებელი ოთახი და 60 ოფისი განთავსდება. ადგილი ოფისებისთვის ოთახებშიც იქნება გამოყოფილი. შენობაში განთავსდება როგორც საკონფერენციო, ისე სხვა მრავალფუნქციური ოთახებიც. საოფისე ტერიტორიაზე მოძრავი ტიხრები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მარტივად განვახორციელოთ ნებისმიერი საჭირო ცვლილება.

არსებული გეგმის მიხედვით, და-ძმები, რომლებიც ამჟამად ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, 2024 წლის თებერვლისთვის გადავლენ ახალ შენობაში.

ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრი, სამუელ კამპუსი, აღნიშნავს: „აშკარა იყო, რომ მეტი ფართი გვჭირდებოდა. ამიტომ ბევრს ვლოცულობდით და ვთანამშრომლობდით მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილებასთან. იეჰოვამ უპასუხა ჩვენს ლოცვას!“.

ანგოლაში 160 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს, რომლებიც გასულ წელს დაახლოებით 200 000 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. 2021 წელს გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ხელს მოუმართავს ჩვენს და-ძმებს, ბოლომდე მიიყვანონ სამეფო საქმის მხარდასაჭერად წამოწყებული ეს პროექტი (1 მატიანე 29:16).