არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 29 ნოემბერი
ანგოლა

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიმბუნდუ ენაზე

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიმბუნდუ ენაზე

2021 წლის 21 ნოემბერს გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიმბუნდუ ენაზე. ახალი გამოცემის შესახებ განცხადება ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ერიკ რაფაელიმ, სპეციალური პროგრამის დროს გააკეთა, რომლის ჩანაწერსაც დაახლოებით 11 000-მა ადამიანმა მოუსმინა. ეს თარგმანი ამჟამად ელექტრონული ფორმატითაა ხელმისაწვდომი. მისი ბეჭდური ვერსიის გამოცემა 2022 წელს იგეგმება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პორტუგალიის კოლონიურმა მთავრობამ აკრძალა სკოლებში კიმბუნდუ და სხვა აფრიკული ენების სწავლება. მიუხედავად ამისა, დღეს ანგოლაში კიმბუნდუ ენაზე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე მოსაუბრე ხალხი ქვეყნის დედაქალაქში, ლუანდაშიც ცხოვრობს. კიმბუნდუ ენა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა.

კიმბუნდუ ენაზე ლიტერატურას იეჰოვას მოწმეები 1990-იანი წლებიდან თარგმნიან. თუმცა პირველი კიმბუნდუენოვანი კრება 2008 წელს ჩამოყალიბდა. დღეს მათი რიცხვი 55-ს ითვლის, ხოლო მაუწყებლების რაოდენობა — 2 614-ს.

კიმბუნდუენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სახლიდან მუშაობს.

ეს ახალი თარგმანი მკითხველისთვის ბევრად ადვილი გასაგებია, ვიდრე მანამდე არსებული ბიბლიის თარგმანი. მაგალითად, მათეს 5:3 ასე იყო ნათარგმნი: „ბედნიერნი არიან სულით ღარიბნი“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ნათქვამია: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ესმით, რომ ღმერთი სჭირდებათ“.

ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს თარგმანი კიმბუნდუენოვან და-ძმებს უფრო დააახლოებს იეჰოვასთან და მსახურებაშიც დიდ დახმარებას გაუწევს. მიხარია, რომ მეც შევიტანე პატარა წვლილი თარგმანის მომზადებაში. ამან კარგად დამანახვა, როგორი მოსიყვარულე და კეთილია იეჰოვა“.

გვჯერა, რომ ამ ახალი გამოცემის მეშვეობით ჩვენი და-ძმები ბევრს დაეხმარებიან, გაიგონ „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო“ (ლუკა 8:10).