15 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
არგენტინა
არგენტინაში მოეწყო გამოფენა „იისფერი სამკუთხედი: გაბედულებისა და ამტანობის ისტორია“
2024 წლის 3 აპრილს არგენტინაში, ბუენოს-აირესის ჰოლოკოსტის მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით: „იისფერი სამკუთხედი: გაბედულებისა და ამტანობის ისტორია“. გამოფენა 2024 წლის 4 აგვისტომდე იქნება ღია.
ნაცისტური რეჟიმის დროს 16 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იდევნებოდა პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიციის გამო. საკონცენტრაციო ბანაკებში 4 500-მდე იეჰოვას მოწმე გაგზავნეს, ხოლო მთლიანობაში ამ რეჟიმს დაახლოებით 1 750 მოწმის სიცოცხლე ემსხვერპლა. იეჰოვას მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებში ტანსაცმელზე მიკერებული იისფერი სამკუთხედით ამოიცნობოდნენ.
სამნაწილიან გამოფენაზე წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები და ცალკეულ ადამიანთა შემთხვევები, საიდანაც ჩანს, როგორ ავლენდნენ იეჰოვას მოწმეები სიმტკიცესა და ამტანობას ნაცისტური რეჟიმის დროს. აუდიო გიდები, სენსორული ეკრანი და სპეციალურად მომზადებული ვიდეოები ხელმისაწვდომია ინგლისურ და ესპანურ ენებზე, აგრეთვე არგენტინულ ჟესტურ ენაზე. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ გიდის მომსახურებით ისარგებლონ.
გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც ნაცისტები ცდილობდნენ, იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინათ. ისინი მოწმეებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტზე და ამგვარად უარი ეთქვათ ღვთის მსახურებაზე. სანაცვლოდ მათ ბანაკიდან გაათავისუფლებდნენ. ამ დოკუმენტს ხელი ძალიან ცოტა მოწმემ მოაწერა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ასეთი შემთხვევების ინსცენირებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა, რითაც შეძლებენ უკეთ წარმოიდგინონ, თუ რამხელა გაბედულება და სიმტკიცე იყო საჭირო, რომ მოწმეებს ერთგულება შეენარჩუნებინათ.
ჰოლოკოსტთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარმა, პროფესორმა იზაბელა ბერნსტაინმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა: „გამოფენა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდნენ იეჰოვას მოწმეები თავიანთი რწმენისა და მათ მიერ არჩეული გზის დასაცავად. მსოფლიოში, სადაც ხალხს დიდად არ ანაღვლებს სწორი პრინციპებით ცხოვრება, იეჰოვას მოწმეთა ისტორიები შთაგვაგონებს, მტკიცედ დავუჭიროთ მხარი იმას, რაც ფასეულია“.
გამოფენამ უკვე 8 400-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. მარკოს დონადიომ, არგენტინაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა აღნიშნა: „მათ, ვინც არ იცნობს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას, ეს გამოფენა წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი ისტორიისა და მრწამსის შესახებ. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა და ვიმედოვნებთ, ბევრი ადამიანი ეწვევა გამოფენას“.
გვიხარია, რომ ამ გამოფენაზე ბევრს ეძლევა შესაძლებლობა, გაიგოს იეჰოვას მოწმეთა გაბედულებისა და ერთგულების ისტორიის შესახებ. ამ ერთგული მოწმეების მაგალითი ყველას დაგვეხმარება, ბოლომდე შევინარჩუნოთ სიმტკიცე (1 კორინთელები 1:8).