2020 წლის 25 თებერვალი
არგენტინა
არგენტინის ფილიალში ახალი მუზეუმი გაიხსნა
2019 წლის 11 დეკემბერს ბუენოს-აირესში (არგენტინა) მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალში გაიხსნა ახალი მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია ორი გამოფენა — „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ და „შენი სიტყვა მარადიულად გასტანს“.
გამოფენაზე, სახელწოდებით „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს იეჰოვას მოწმეთა ისტორიას არგენტინასა და ურუგვაიში 1920-იანი წლებიდან დღემდე. ამ გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არგენტინაში მცხოვრები და-ძმების ისტორიას, რომლებიც აკრძალვებისა და შეზღუდვების დროს ცხოვრობდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი მასალებიდან სტუმრები შეიტყობენ იმასაც, თუ როგორ რიცხავდნენ იეჰოვას მოწმეთა შვილებს სკოლებიდან და როგორ აპატიმრებდნენ ახალგაზრდა ძმებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ხანგრძლივი ვადით. ამ ძმებიდან მრავალი გახდა ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. სულ მცირე, სამი მათგანი რწმენის გამო სიცოცხლეს გამოასალმეს.
გამოფენაზე, სახელწოდებით „შენი სიტყვა მარადიულად გასტანს“, წარმოდგენილია ბიბლიების კოლექცია და აღწერილია, როგორ ითარგმნებოდა საუკუნეების მანძილზე ბიბლია ესპანურ ენაზე. აღნიშნული კოლექცია მოიცავს 47 ბიბლიას, მათ შორის, ისეთ იშვიათ ეგზემპლარს, როგორიცაა 1630 წელს გამოცემული „ფერარას ბიბლია“. ეს წიგნი არის ებრაული წერილების პირველი სრული თარგმანი ესპანურ ენაზე, რომლის თავფურცელზეც ღვთის სახელი წერია. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია 1602 წელს გამოცემული „რეინა-ვალერას ბიბლია“, რომლის „ძველ აღთქმაშიც“ არაერთ ადგილასაა მოხსენიებული ღვთის სახელი, იეჰოვა. „რეინა-ვალერას ბიბლია“ ესპანურ ენაზე ნათარგმნი ყველაზე გავრცელებული ბიბლიაა.
ვინაიდან არგენტინაში მე-19 საუკუნეში მასშტაბურ ემიგრაციას ჰქონდა ადგილი, გამოფენაზე წარმოდგენილია იმ ხალხთა ენებზე ნათარგმნი ბიბლიებიც, რომლებიც იმ პერიოდში ჩადიოდნენ ქვეყანაში. ამ გამოფენაზე სტუმრებს შეუძლიათ ნახონ გერმანულ, ებრაულ, ინგლისურ, ირლანდიურ, იტალიურ, პორტუგალიურ, სომხურ, უელსურ, უნგრულ და ხორვატულ ენებზე ნათარგმნი ბიბლიები.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია არგენტინაში გამოცემული ისეთი თარგმანები, როგორიცაა 1919 წელს პაბლო ბესონის მიერ დაბეჭდილი „ახალი აღთქმა“ და თანამედროვე თარგმანები შემდეგ ენებზე: ვიჩი, მაპუდუნგუნი, მოკოვი, პილაგა, ტობა დელ ოესტე, ტობა ქომი და ჩოროტე.
ძმა ტიმოტეუ კოსტანტინო, რომელიც არგენტინის ფილიალში მსახურობს, ამბობს: „გვინდა, დიდი მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ამ გამოფენის მოწყობაზე იზრუნა. ადგილობრივი თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი დამთვალიერებელი გამოთქვამს მადლიერების სიტყვებს, რადგან მათ ბევრი რამ გაიგეს როგორც ბიბლიის ისტორიის, აგრეთვე იეჰოვას მოწმეთა „სულიერი მემკვიდრეობის“ შესახებ არგენტინასა და ურუგვაიში.