არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: გაზეთში დაბეჭდილი ათი წლის სესილია ალვარესის ფოტო მე-17 ოპერაციის შემდეგ; მარჯვნივ: სესილია მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად (მაისი, 2019)

2019 წლის 7 აგვისტო
არგენტინა

და სესილია ალვარესს 25 წლის განმავლობაში 43 უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა

და სესილია ალვარესს 25 წლის განმავლობაში 43 უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა

სესილია ალვარესი, რომელიც არგენტინაში ცხოვრობს, მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის. ის სულ რაღაც 16 დღის იყო, როცა პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. 1994 წლის 18 მაისს ექიმებმა მას რამდენიმე თანდაყოლილი დეფექტის აღმოსაფხვრელად ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ, 25 წლის განმავლობაში სესილიას კიდევ 42 ოპერაცია ჩაუტარდა — აქედან უმეტესობა პატარაობაში. ბოლო ოპერაცია მას 2019 წლის დასაწყისში გაუკეთეს მარცხენა ბარძაყზე. სხვა ოპერაციების მსგავსად ეს ოპერაციაც უსისხლოდ ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

ხუთი წლის სესილია ხუან გარაანის ბავშვთა საავადმყოფოში (1999)

სესილია ამბობს: „ძალიან რთულია, როცა სულ მკურნალობის ქვეშ ხარ და ამდენი ოპერაციის გაკეთება გიწევს“. მიუხედავად ამისა, ის იეჰოვასადმი ნდობას ავლენს და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს. გარდა ამისა, ყველანაირად ცდილობს, ექიმების რეკომენდაციებს მიჰყვეს, რაშიც მშობლები ეხმარებიან. სესილია იხსენებს: „ყველაზე მთავარი იყო, ოპერაციისთვის წინასწარ მოვმზადებულიყავი. უნდა მიმეღო რკინა, ფოლიუმმჟავა, ერთიროპოეტინი და რკინის მაღალი შემცვლელობის საკვები, რაც წითელი უჯრედების წარმოქმნას შეუწყობდა ხელს“.

სამედიცინო პერსონალის შესახებ, რომლებთანაც წლების მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა, სესილია ამბობს: „ძალიან ვაფასებ მათ შრომას არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეს, არამედ იმიტომაც, რომ პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, არ გადავისხა სისხლი“.

ორთოპედი ერნესტო ბერსუსკი

ექიმები პატივისცემას გამოხატავენ როგორც სესილიას, ისე იმ ძმების მიმართ, რომლებიც მას გვერდში უდგანან. მათ შორისაა დოქტორი ერნესტო ბერსუსკი, რომელიც ხუან გარაანის ბავშვთა საავადმყოფოს (ბუენოს-აირესი) მთავარი ორთოპედი იყო. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სესილიასთვის ჩატარებულ ხერხემლის ოპერაციებში. ის ამბობს: „სესილიასთან ურთიერთობამ დამანახვა, რომ მას მტკიცე პოზიცია ჰქონდა და გასაგებად ხსნიდა თავის რელიგიურ შეხედულებებს. მასთან არაერთხელ მისაუბრია. ოპერაციამდე ვუხსნიდი, რის გაკეთებას ვაპირებდი და ვარწმუნებდი, რომ სისხლს არ გადავუსხამდი“.

იურისტი და ბიოეთიკის სპეციალისტი სუსანა სირუსი

დოქტორი სუსანა სირუსი, რომელიც ხუან გარაანის ბავშვთა საავადმყოფოს იურისტი და ბიოეთიკის კომიტეტის წევრია, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები და სამედიცინო პერსონალი კარგად თანამშრომლობენ. მათთან თანამშრომლობამ ჩვენს განვითარებას შეუწყო ხელი. არა მხოლოდ მიდგომები შევცვალეთ, არამედ ცოდნაც გავიღრმავეთ და მეთოდებიც დავხვეწეთ. შედეგად, უსისხლო მკურნალობის მეთოდები დავნერგეთ“.

ექიმების გარდა სესილია თანამორწმუნეებსაც ემადლიერება, რომლებიც ყოველთვის მის გვერდით იყვნენ: „ძალიან ვაფასებ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტისა და პაციენტთა მონახულების ჯგუფის შრომას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძმებს ოჯახებიც ჰყავთ და სხვა პასუხისმგებლობებიც აკისრიათ, ჩემთვის დროსა და ენერგიას არ იშურებენ. ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს ამომიდგნენ მხარში, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ“.

მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის სესილიას ქრონიკული ტკივილი აწუხებს და ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული, თავისი დადებითი განწყობით ყველას აოცებს. ის ამბობს: „ასეთმა მძიმე მდგომარეობამ პიროვნულად დამხვეწა და ქრისტიანული თვისებები გამომამუშავებინა“.

სესილია მსახურებაში პიონერ დასთან ერთად (ივლისი, 2019)

ის განაგრძობს: «ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტიდან ერთმა ძმამ მომინახულა და იგავების 10:22 ამომიკითხა: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს [გამუდმებული] ტკივილი“. ეს სიტყვები ღრმად ჩამებეჭდა გულსა და გონებაში».

2019 წლის 1-ლი მაისი სესილიასთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ამ დღეს პიონერი გახდა. აშკარაა, რომ იეჰოვამ ძალა მისცა და სიმხნევე შემატა ჩვენს საყვარელ დაიკოს. ის კი, თავის მხრივ, სიხარულით უზიარებს სხვებს მანუგეშებელ ცნობას ღვთის სიტყვიდან.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს თითოეულ ჩვენგანს გასაჭირში, როგორც ეს სესილიას შემთხვევაში გააკეთა (2 კორინთელები 1:4).