არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიჩი ენაზე გამართული პირველი სარაიონო კონგრესი. შუაში: ვიჩი ენაზე დაბეჭდილი კონგრესის პროგრამა.

30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
არგენტინა

პირველი სარაიონო კონგრესი ვიჩი ენაზე

პირველი სარაიონო კონგრესი ვიჩი ენაზე

2023 წლის 7 მაისს ტარტაგალში (სალტა, არგენტინა) ვიჩი ენაზე პირველად ჩატარდა სარაიონო კონგრესი, სახელწოდებით „მშვიდობისმოყვარენი“. პროგრამა ვიდეოკონფერენციის მეშვეობითაც გადაიცემოდა სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე. შეხვედრას მთლიანობაში დაესწრო 169 ადამიანი და მოინათლა 2.

ვიჩიენოვანი ბიბლიის შემსწავლელი პროგრამის მსვლელობის დროს თვალს ადევნებს ბიბლიურ მუხლს.

ვიჩი ენაზე მოსაუბრე ხალხი, ძირითადად, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ და ბოლივიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. დაახლოებით 10 წელში ამ ენაზე 2 კრება, 3 ჯგუფი და 6 წინარე ჯგუფი ჩამოყალიბდა, სადაც მთლიანობაში 45 ვიჩიენოვანი და-ძმა მსახურობს. თუმცა მაუწყებლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა ეუფლებიან ამ ენას.

ბევრი, ვინც კონგრესს დაესწრო, მოშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მათ შორის არის ერთი ხანდაზმული ძმა პაულინო, რომელიც ტარტაგალიდან დაახლოებით 455 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. კონგრესს რომ დასწრებოდა, მას 12 საათის განმავლობაში ავტობუსით მგზავრობა მოუწია. პროგრამის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა: „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ ვემადლიერები იეჰოვას და ჩვენს ძმებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს, რომ ჩვენს ენაზე კონგრესი ჩატარებულიყო“.

დამსწრეთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც ცოცხლად პირველად დაესწრო კონგრესს. ერთმა ვიჩიენოვანმა ქალმა, სახელად დელიამ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა კოვიდპანდემიის პერიოდში დაიწყო. მას 1 საათი დასჭირდა, რომ ფეხით ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საკონგრესო დარბაზში მისულიყო. ეს დღე იმითაც იყო მისთვის გამორჩეული, რომ პირველად შეხვდა პირისპირ იმ დას, რომელმაც მას ბიბლიის შესწავლა დაუწყო.

სიხარული, რომელიც ჩვენმა და-ძმებმა განიცადეს ვიჩი ენაზე ჩატარებულ კონგრესზე, იმის დასტურია, რომ იეჰოვა გამორჩეულად ექცევა თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 4:3).