არჩეულ მასალაზე გადასვლა

29 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
არგენტინა

სტენდებით ქადაგება არგენტინაში გამართულ ფიფას ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

სტენდებით ქადაგება არგენტინაში გამართულ ფიფას ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

2023 წლის 20 მაისიდან 11 ივნისამდე არგენტინის ოთხ ქალაქში ფიფას ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც 400 000–ზე მეტი ადამიანი ეწვია როგორც სხვა ქვეყნებიდან, ისე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიიდან. ლიტერატურის სტენდები არაერთ ადგილას იყო განთავსებული და დროის სხვადასხვა მონაკვეთი იყო შერჩეული ამ სახის მსახურებისთვის. დაახლოებით 500-მა მაუწყებელმა 500-ზე მეტი პუბლიკაციის გავრცელება შეძლო. ბევრი ჩვენს ვებგვერდსაც ეწვია, რათა თავის კითხვებზე ბიბლიური პასუხები მიეღო.

ერთი ადგილობრივი მამაკაცი სტენდთან მივიდა და აღნიშნა, რომ ვარჯიშის დროს ძალიან უყვარს აუდიოჩანაწერების მოსმენა. ერთმა ძმამ მას ვებგვერდი jw.org აჩვენა და აუხსნა, როგორ შეეძლო ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერების ჩამოტვირთვა. როგორც ამ მამაკაცმა თქვა, აუცილებლად ჩამოტვირთავდა ჩვენს პუბლიკაციებს.

სხვა ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი ჩავიდა არგენტინაში, ამიტომ სტენდებზე ლიტერატურა 9 ენაზე იყო წარმოდგენილი. მაუწყებლების უმეტესობამ სხვადასხვა ენაზე მისალმებაც ისწავლა, რათა სტენდთან მისულ ხალხთან საუბარი წამოეწყოთ. ერთმა ძმამ აღნიშნა: „აშკარაა, იეჰოვა ძალიან კეთილი და მიუკერძოებელი ღმერთია, რადგან უდიდესი ძალისხმევა ხმარდება, რომ განსხვავებული წარმომავლობის ხალხს ვუქადაგოთ. ეს მეც ძალიან მახარებს!“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა იეჰოვას მოწმეებს უფლება მისცეს, ისეთ ადგილებში დაედგათ სტენდები, სადაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა ხალხის თავშეყრა. ერთმა ორგანიზატორმა ასეთი რამ თქვა: „ვიცით, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ“. ამან შესაძლებლობა მისცა ჩვენს და-ძმებს, რომ დაცვის თანამშრომლებზეც კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ.

გვამხნევებს იმის დანახვა, რომ იეჰოვას მსახურები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა ადამიანს უქადაგონ და ჭეშმარიტების თესლი დათესონ (ეკლესიასტე 11:6).