29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
არგენტინა
ქადაგება არგენტინისა და ურუგვაის დაშორებულ ტერიტორიებზე
2023 წლის იანვარ-აპრილში სპეციალური სამქადაგებლო კამპანია მოეწყო არგენტინისა და ურუგვაის დაშორებულ ტერიტორიებზე. კამპანიის ფარგლებში 9 500-ზე მეტი მაუწყებლისგან შემდგარი 700-მდე ჯგუფი ჩამოყალიბდა. და-ძმები დაშორებულ ტერიტორიებზე არსებულ 146 კრებასთან თანამშრომლობდნენ, რათა სასიხარულო ცნობა გაევრცელებინათ მათ მხარეში.
არგენტინისა და ურუგვაის პატარა ქალაქებში, სოფლებსა და აბორიგენთა დასახლებებში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მაუწყებლები ვერ ახერხებდნენ ამ ტერიტორიებზე ქადაგებას, ამიტომ ჩვენმა და-ძმებმა ძალიან გაიხარეს, როცა კვლავ მიეცათ ასეთ შორეულ ადგილებში ქადაგების საშუალება.
ერთმა ძმამ, ადრიან დონადიომ და მისმა მეუღლემ, კარინამ, თითქმის 1 600 კმ. იმგზავრეს, რომ არგენტინის ერთ მოშორებულ ქალაქ ტარტაგალში ექადაგათ. ადრიანი აღნიშნავს: „აშკარა იყო, ხალხს სჭირდებოდა სასიხარულო ცნობის გაგება, ამიტომ ბედნიერები ვიყავით, რომ მათთან ქადაგების შესაძლებლობა გვქონდა“.
არგენტინის ერთ ქალაქში, ბარანკასში, ორი მაუწყებელი ერთ 90 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს ეწვია, რომლებმაც პანდემიამდე ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ სამი წლის განმავლობაში ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გაწყვეტილი კრებასთან, რადგან შორეულ ქალაქში ცხოვრობენ და თან არც სტაბილური ინტერნეტი აქვთ. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ყოველდღე კითხულობდნენ ბიბლიას და იეჰოვას სთხოვდნენ, რომ კვლავაც დაკავშირებოდნენ ჩვენს და-ძმებს. ისინი უზომოდ ბედნიერები იყვნენ და იეჰოვას ემადლიერებოდნენ, როცა კამპანიის დროს მაუწყებლებმა მათაც მიაკითხეს და ბიბლიის შესწავლა განაგრძეს.
მონტევიდეოში (ურუგვაი) მცხოვრებმა ერთმა პიონერმა წყვილმა, ედუარ და ალეხანდრა ფერეირებმა, დაახლოებით 400 კმ. იმგზავრეს, რათა მონაწილეობა მიეღოთ სამქადაგებლო კამპანიაში. მათ თან ახლდა სამი შვილიც, რომლებიც 17, 15 და 11 წლის არიან. ედუარი ამბობს: „სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორი სიხარულით ქადაგებდნენ ჩვენი შვილები. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მთელი ოჯახი მომდევნო კამპანიისთვისაც ვართ მზად“.
გვახარებს იმის დანახვა, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ ჩვენი და-ძმების ძალისხმევა, რომლებიც საგულდაგულოდ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას შორეულ ტერიტორიებზე (საქმეები 10:42).