არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 20 აპრილი
ბელგია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ბელგიელ იეჰოვას მოწმეებს გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ბელგიელ იეჰოვას მოწმეებს გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბელგიის ხელისუფლებამ მოახდინა იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაცია, როცა მათ კერძო საკუთრებაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება გაუუქმა. აღნიშნული შეღავათით იეჰოვას მოწმეთა ცხრა კრება სარგებლობდა ბრიუსელის რეგიონში. სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე, „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება და სხვები ბელგიის წინააღმდეგ“, 2022 წლის 5 აპრილს იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება დაიცავს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას არა მხოლოდ ბელგიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

2018 წლამდე ბრიუსელის რეგიონში ყველა რელიგია სარგებლობდა თაყვანისცემის ადგილებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათის უფლებით. 2018 წელს კი რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში, რის შემდეგაც მხოლოდ ექვს „აღიარებულ რელიგიას“ შეეძლო ესარგებლა საგადასახადო შეღავათით. საგადასახადო სისტემაში მომხდარი ცვლილების შემდეგ ბრიუსელში იეჰოვას მოწმეებს დიდი ოდენობით გადასახადის გადახდა დაეკისრათ, რაც ყოველწლიურად თითქმის 45 000 ევროს შეადგენდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიუსელის რეგიონმა მოახდინა იეჰოვას მოწმეთა დისკრიმინაცია და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რადგან მხოლოდ ექვს, სახელმწიფოს მიერ „აღიარებულ რელიგიას“ მიანიჭა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება.

თავის გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაგმო ბელგიის ხელისუფლების განაცხადი, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეებს შეეძლოთ მიემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის სახელმწიფო აღიარების მოთხოვნით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ბელგიაში სახელმწიფო აღიარების მოპოვების პროცესის წამოწყება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერაა შესაძლებელი და აბსოლუტურად საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს.

ოფიციალურ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასძინა, რომ ბელგიაში სახელმწიფო აღიარების მოპოვების პროცესი „თვითნებობის რეალურ საფრთხეს შეიცავს. ვინაიდან სამართლიანობის მინიმალური გარანტიებიც კი არ არსებობს, აზრს მოკლებულია, რომ საგადასახადო შეღავათის უფლების მოპოვების მიზნით რელიგიურმა გაერთიანებებმა განაცხადი შეიტანონ“. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბელგიის ხელისუფლებას, რომ იყოს „ნეიტრალური და მიუკერძოებელი“ ისეთ რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით, როგორიც იეჰოვას მოწმეები არიან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეაფასოს რელიგიური მრწამსის ლეგიტიმურობა ან თაყვანისცემის ფორმა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარ პრეცედენტსაც შექმნის ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რომ არ შემოიღონ ისეთი საგადასახადო კანონები, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის დისკრიმინაციას გამოიწვევს.

ვემადლიერებით იეჰოვას ყველა იურიდიული გამარჯვებისთვის, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია თავისუფლად განვადიდოთ მისი სახელი (გამოცხადება 15:4).