31 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ბენინი
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფონი ენაზე
2024 წლის 26 მაისს აბდიელ ვოროუმ, დასავლეთ აფრიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფონი ენაზე. ეს განცხადება მან აბომეიში (ბენინი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გააკეთა. პროგრამას საკონგრესო დარბაზში 920 და-ძმა ესწრებოდა, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კი – 6 188. დამსწრეებს ადგილზევე გადაეცათ გამოცემის პირადი ეგზემპლარები. ამ თარგმანის ელექტრონული და აუდიო ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
ბენინში ორ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ფონი ენაზე. ქვეყანაში 84 ფონიენოვანი კრება და ჯგუფია, სადაც 4 000-ზე მეტი და-ძმა მსახურობს. 2022 წელს ფონი ენაზე „მათეს სახარების“ გამოცემის შემდეგ, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნებიც თანდათანობით გამოიცემოდა ელექტრონული ფორმატით.
ფონიენოვან და-ძმებთან ერთად ჩვენც ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ამდენი ადამიანისთვის ხდის ხელმისაწვდომს ჭეშმარიტების სიტყვებს და საშუალებას აძლევს მათ, იხელმძღვანელონ მისგან მომდინარე სიბრძნით (იოანე 17:17).