2021 წლის 17 ნოემბერი
ბოლივია
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კეჩუა ენაზე
2021 წლის 24 ოქტომბერს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კეჩუა ენაზე (ბოლივია). ახალი გამოცემის შესახებ განცხადება ბოლივიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დუგლას ლიტლმა, სპეციალური პროგრამის დროს გააკეთა, რომლის ჩანაწერსაც 4 000-ზე მეტმა ადამიანმა მოუსმინა. ბიბლია ამჟამად ელექტრონული ფორმატითაა ხელმისაწვდომი. მისი ბეჭდური ვერსიის გამოცემა 2022 წლის აპრილისთვის იგეგმება.
ბოლივიაში კეჩუა ენაზე მოლაპარაკე ხალხი სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს და სიტყვებსაც რეგიონების მიხედვით განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ თარგმანში ბევრი სქოლიოს დამატება გახდა საჭირო, რათა ბოლივიის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს სწორად გაეგო ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა.
პირველად კეჩუა ენაზე ბიბლია 1880 წელს გამოიცა. მართალია, ძალიან ბევრ თარგმანშია ნახსენები ღვთის სახელი, იეჰოვა, მაგრამ მხოლოდ სქოლიოებში, ძირითად ტექსტში კი „მამა ღმერთადაა“ მოხსენიებული. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „როგორც იქნა, ბიბლიაში ღვთის სახელს ვკითხულობ. ძალიან ბედნიერი ვარ“.
ამ გამოცემაზე მუშაობის დროს მთარგმნელები სხვადასხვა სირთულეს შეხვდნენ. მაგალითად, ზოგის ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დახმარება დასჭირდა. ამ პერიოდს პანდემიაც დაემთხვა, რის გამოც არაერთი ტექნიკური ხასიათის პრობლემა წამოიჭრა. ერთი მთარგმნელი ამბობს: „სირთულეების მიუხედავად, თარგმანზე მუშაობა წარმატებით დავასრულეთ, თანაც დროზე ადრე. ეს მხოლოდ იეჰოვას დახმარებით იყო შესაძლებელი“.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი გამოცემა ბევრ კეჩუაენოვან ადამიანს დაეხმარება, „გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).