არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 29 დეკემბერი
ბოლივია

იეჰოვას მოწმეებს ბოლივიური კულტურის გამოფენისთვის აჯილდოებენ

იეჰოვას მოწმეებს ბოლივიური კულტურის გამოფენისთვის აჯილდოებენ

სანტა-კრუსი, ბოლივია — 2017 წლის 27—29 ოქტომბერს ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში იეჰოვას მოწმეების კონგრესი გაიმართა, რომელსაც 20 ქვეყნის 17 000-მდე დელეგატი დაესწრო. მოწმეებმა გაალამაზეს კონგრესის ჩატარების ადგილი და მოაწყვეს ბოლივიის მრავალფეროვანი კულტურის საგამოფენო კუთხე, რისთვისაც ორი ადგილობრივი ორგანიზაციისგან ჯილდოები დაიმსახურეს.

2012 წლიდან იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურ კონგრესებს მართავენ კოჩაბამბაში მდებარე „ფეიკობოლის“ საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში. კონგრესის დაწყებამდე მოწმეები საგამოფენო დარბაზის ტერიტორიას ყოველთვის ასუფთავებდნენ. თუმცა წელს ამ ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი მოიყრიდა თავს, ამიტომ მოწმეებმა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები დაგეგმეს, რაშიც დაახლოებით 4 900 მოხალისე ჩაერთო. მოხალისეებმა 15 დღის განმავლობაში შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს — შეღებეს კედლები, შეაკეთეს წყალგაყვანილობა და დაამონტაჟეს აუდიო-ვიდეო სისტემა და ინტერნეტი; გარდა ამისა, მოაწყვეს ბაღი, შეაკეთეს სკამები და გარე განათება.

ჯილდო, რომელიც „ფეიკობოლმა“ გადასცა იეჰოვას მოწმეებს

ადგილობრივმა იეჰოვას მოწმეებმა 1 800-ზე მეტი უცხოელი დელეგატისთვის მოაწყვეს ბოლივიის კულტურის საგამოფენო კუთხე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და კედელზე შესრულებული ნახატები. გარდა ამისა, გამოფენაზე შეგეძლოთ გენახათ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ბოლივიური სახლების სამი მაკეტი, რომლებიც მოგვიანებით მოწმეებმა „ფეიკობოლს“გადასცეს საჩუქრად.

ჯილდო, რომელიც კოჩაბამბას კულტურის საბჭომ გადასცა იეჰოვას მოწმეებს

„ფეიკობოლის“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა ალდო ვაკაფლორესმა, რომელმაც შესრულებული სამუშაოსთვის მოწმეებს ჯილდო გადასცა, ასეთი რამ თქვა: „გაგვაოცა იმის დანახვამ, თუ როგორ შრომობდნენ მხარდამხარ თქვენი ეკლესიის წევრები. თქვენ მთელი სული და გული ჩადეთ ამ საქმეში, რათა ღირსეულად დახვედროდით კონგრესის დელეგატებს. თქვენ ნამდვილად მისაბაძი მაგალითი ხართ“.

კიდევ ერთი ჯილდო იეჰოვას მოწმეებმა სამთავრობო ორგანიზაციისგან, კოჩაბამბას კულტურის საბჭოსგან, მიიღეს. საბჭოს პრეზიდენტმა სდენკა ფუენტესმა პირადად გადაუხადა მადლობა იეჰოვას მოწმეებს იმისთვის, რომ კონგრესის ჩასატარებლად ქალაქი კოჩაბამბა შეარჩიეს. მას განსაკუთრებით მოეწონა გამოფენა, რომელიც შესანიშნავად ასახავდა ბოლივიის მრავალფეროვან კულტურას.

გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ბოლივიის მრავალფეროვანი კულტურა

ბოლივიაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი გართ გუდმენი აღნიშნავს: „კონგრესს სულ 49 320 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სხვა 6 ქალაქიდან ჩამოსული სტუმრებიც. ძალიან გვიხარია, რომ კონგრესის დელეგატებს აქ, ბოლივიაში ვუმასპინძლეთ და ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა გავაცანით“.

იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ბოლივიაში 1924 წლიდან ეწევიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წლის დასაწყისში მათ გამოსცეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების („ახალი აღთქმა“) თარგმანები კეჩუა და აიმარა ენებზე.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ბოლივია: გართ გუდმენი, ტელ. +591-3-342-3442