19 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ბოტსვანა
ორმოცდაათი წელი ბოტსვანაში რელიგიის თავისუფლებიდან
2024 წლის 20 თებერვალს ბოტსვანაში იეჰოვას მოწმეებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებიდან 50 წელი შესრულდა. 1974 წლამდე ჩვენს და-ძმებს დროდადრო მკაცრი შეზღუდვებისა და აკრძალვების პირობებში უწევდათ მსახურება.
სასიხარულო ცნობა პირველად 1929 წელს იქადაგეს ბოტსვანაში, რომელიც მაშინ ბეჩუანალენდის სახელით იყო ცნობილი. თუმცა 1941 წელს მსოფლიოში დაწყებული პოლიტიკური არეულობა მეორე მსოფლიო ომში გადაიზარდა, რის გამოც მთავრობამ შეზღუდვები დააწესა ჩვენს საქმიანობასა და ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებაზე. 1959 წელს შეზღუდვები მოიხსნა და იეჰოვას მოწმეებმა შედარებით თავისუფლად განაგრძეს თავიანთი საქმიანობა.
1972 წელს მიღებული ახალი კანონის თანახმად, ბოტსვანაში ყველა ორგანიზაციას მოეთხოვებოდა ოფიციალური რეგისტრაცია. ჩვენმა ძმებმაც შეავსეს განაცხადი ორგანიზაციის დარეგისტრირების თაობაზე, მაგრამ უარი მიიღეს. მთავრობამ მათ 20 დღე მისცა იმისათვის, რომ შეეწყვიტათ ყველანაირი ფორმის მსახურება. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ბოტსვანაში აიკრძალა. ნებისმიერს, ვინც მონაწილეობას მიიღებდა მსახურებაში ან კრების შეხვედრების ჩატარებაში, შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა ჩვენი და-ძმები კვლავ განაგრძობდნენ ფარულად შეკრებას. შეხვედრები ზოგჯერ მოშორებულ ადგილას, ტყეში ტარდებოდა. როდესაც ამ დროს იხსენებს, ტომი მარუპინგი ამბობს: „აკრძალვების მიუხედავად უფრო მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, გაგვეგრძელებინა ქადაგება და ერთად შეკრება. გვჯეროდა, რომ იეჰოვა გვიხელმძღვანელებდა და არც შევმცდარვართ“.
1974 წლის 20 თებერვალს მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და იეჰოვას მოწმეებს უფლება მისცა, ორგანიზაცია დაერეგისტრირებინათ. დღეს ბოტსვანას 42 კრებაში დაახლოებით 2 400 მაუწყებელი მსახურობს. შეხვედრები ტარდება აგრეთვე ბოტსვანურ ჟესტურ, ინგლისურ, კალანგა (ბოტსვანა), სეტსვანა და შონა ენებზე. ჰიუ კორმიკანი, რომელიც აკრძალვის მოხსნიდან მალევე მისიონერად დანიშნეს ბოტსვანაში, აღნიშნავს: „ყველაფრის მიუხედავად და-ძმები ძლიერ რწმენას ინარჩუნებდნენ. დღეს მათ თავისუფლად შეუძლიათ ერთად შეკრება, რაც ეხმარებათ შეიგრძნონ იეჰოვას ხალხის ერთობა“.
ბოტსვანაში მცხოვრები და-ძმების მაგალითი გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ყოველთვის აკურთხებს მათ, ვინც იცავს მის მცნებებს (1 იოანე 5:3).