2020 წლის 25 ივნისი
ბრაზილია
ამაზონის რეგიონში ჩვენი და-ძმები დახმარებას იღებენ
კორონავირუსის პანდემიამ ბრაზილიაში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. ამიტომ ბრაზილიის ფილიალმა ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების 18 კომიტეტი. ეს კომიტეტები დაახლოებით 12 000 კრებას უწევენ დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მდინარე ამაზონის რეგიონის შორეულ სოფლებში მცხოვრებთ. დღემდე ამაზონის რეგიონში 131-მა ოჯახმა მიიღო ასეთი დახმარება.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ორგანიზებით ამაზონასის შტატის დედაქალაქ მანაუსში ძმებმა მოამზადეს ფუთები, რომლებშიც ჩაალაგეს ერთი თვის სამყოფი საკვები პროდუქტები და სხვა აუცილებელი ნივთები: ლობიო, მანიჰოტის ფქვილი, ბრინჯი და რძის ფხვნილი; აგრეთვე ჰიგიენის საშუალებები, მაგალითად საპონი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისები და პასტები. ძმებმა ფუთები გემში ჩატვირთეს და მანაკაპურუს პორტში მიიტანეს. იქიდან კი ნავებში გადაანაწილეს და მიუტანეს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ და-ძმებს, მათ შორის მემბეკასა და ლაგო დო კასტანოში მცხოვრებ მაუწყებლებს.
ლაგო დო კასტანოში ერთმა დამ, მარინელმამ, საკვების მარაგის მიღების შემდეგ თქვა: « „პირველ რიგში, იეჰოვას ვუხდი მადლობას მზრუნველობისთვის. ძალიან გაგვიჭირდა, საჭმლის საყიდლად ფული აღარ გვქონდა. ჩვენი და-ძმებისაც ძალიან მადლიერი ვარ, ასეთი გულუხვობა და სიყვარული რომ გამოავლინეს. ჩემი ექვსი წლის ბიჭი მიყურებდა, როგორ ვიღებდი და ვახარისხებდი შემოწირულ საკვებს. ვისარგებლე შემთხვევით და ავუხსენი, რომ ეს დახმარება იეჰოვასგან მივიღეთ. ეს რომ გაიგო, მითხრა: „დედა, შეიძლება იეჰოვას ლოცვაში მადლობა გადავუხადოთ?“»
ძმა იონას მონტეირომ, რომელიც ქალაქ კააპირანგაში ცხოვრობს, დახმარების კომიტეტს სამადლობელი წერილი გაუგზავნა. ის წერს: „დიდი მადლობა ჩვენი ოჯახის დახმარებისთვის. ამით იეჰოვამ თავის სიყვარულში დაგვარწმუნა. ნამდვილად დიდი პატივია, რომ მსოფლიო საძმოს ნაწილი ვართ“.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებში მომსახურე ძმებზეც დადებითად მოქმედებს ამ პროგრამაში ჩართულობა. კომიტეტში მომსახურე ერთი უხუცესი, სახელად ისააკ ემანუელ რამალო დე ოლივეირა, აღნიშნავს: „ყოველდღე ვგრძნობ, როგორ მიძლიერდება რწმენა. მართალია, ბევრს ვირჯები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში მონაწილეობა კიდევ უფრო დამაახლოებს იეჰოვასთან“.
ჩვენც გვიძლიერდება რწმენა, როცა ვხედავთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ თავის მსახურებზე ამ რთულ დროში (ფსალმუნი 94:14).