20 დეკემბერი, 2023
ბრაზილია
ბრაზილიაში ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
2023 წლის 3 დეკემბერს კაბრეუვაში (ბრაზილია) მდებარე საკონგრესო დარბაზში გაიმართა ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრის მიძღვნა. მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა ბრაზილიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ედუარდუ მარტინესმა. პროგრამას ადგილზე 2 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით — 4 900.
ამ საგანმანათლებლო ცენტრში ძირითადად ჩატარდება სკოლები სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის და სამეფოს მახარობელთა სკოლები. ამ კომპლექსში შესაძლებელი იქნება ერთდროულად სამმა კლასმა გაიაროს სასწავლო კურსი და მთელი წლის მანძილზე დაახლოებით 600-მა მოსწავლემ იცხოვროს.
ყველაფერი 2020 წელს დაიწყო. ძმებმა სასტუმროს შენობა შეიძინეს და მისი გადაკეთება დაიწყეს. მათ სამუშაოების შესრულება კოვიდპანდემიის დროს უწევდათ და უსაფრთხოების ყველა მითითებას ითვალისწინებდნენ. დასრულებული საგანმანათლებლო ცენტრი 3 საკლასო, 54 საცხოვრებელი და ერთი სასადილო ოთახისგან შედგება. აგრეთვე გათვალისწინებულია საოფისე სივრცეც. სამუშაოების დასრულებიდან მალევე მოეწყო ღია კარის დღე. ამ ღონისძიების მიზანი იყო, ადგილობრივი მოსახლეობა და ოფიციალური პირები გასცნობოდნენ იეჰოვას მოწმეებს და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შენობის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა: „შესანიშნავი ნაგებობაა! თანაც ეტყობა, რომ უმაღლესი სტანდარტებია დაცული. თუ ღმერთისთვის ვაკეთებთ რამეს, სწორედ ასე უნდა ვაკეთოთ“.
როჟერიუ ბრაგანიოლუ, რომელმაც პროექტში მიიღო მონაწილეობა, გვიზიარებს: „მთელი ამ ხნის მანძილზე აშკარად ვხედავდით, როგორ გვხელმძღვანელობდა და მხარს გვიჭერდა იეჰოვა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ფსალმუნის 127:1-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მშენებლები“.
ძალიან გვახარებს ამ ახალი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა, რომელიც ბევრ ჩვენს თანაქრისტიანს დაეხმარება, დაიხვეწოს სწავლების ხელოვნებაში (2 ტიმოთე 4:2).