2022 წლის 22 ივნისი
ბრაზილია
ბრაზილიაში ჩვენი საქმიანობის რეგისტრაციიდან 75 წელი შესრულდა
„იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა, რწმენა და ენთუზიაზმი არასდროს შესუსტებულა“
1947 წლის 23 ივნისს ბრაზილიაში რეგისტრაციაში გატარდა იეჰოვას მოწმეების „ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“. ეს არის მთავარი იურიდიული პირი, რომელსაც ქვეყანაში ბოლო 75 წელია ვიყენებთ. ამ იურიდიული აღიარების მოპოვებამდე ძმებს წლების განმავლობაში არაერთი წინააღმდეგობის ატანა უწევდათ.
1945 წლის 13 ოქტომბერს ბრაზილიაში მაუწყებლებმა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის იურიდიული აღიარების თაობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400-მა მაუწყებელმა 44 411 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია მათ პრეზიდენტის რეზიდენციაში გაგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
1946 წელს ბრაზილიამ ახალი კონსტიტუცია შემოიღო, რომელმაც საშუალება მისცა იეჰოვას მოწმეებს, თავიანთი იურიდიული პირი დაერეგისტრირებინათ. იმ წელს ყოველთვიურად, საშუალოდ, 442 მაუწყებელი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას.
ამ ამბავმა სამღვდელოების გაღიზიანება გამოიწვია. 3 წლის შემდეგ, 1949 წლის 3 ნოემბერს, პრეზიდენტმა სამღვდელოების ზეწოლით ხელი მოაწერა „საზოგადოება საგუშაგო კოშკის“ საქმიანობის შეჩერებისა და დახურვის ბრძანებულებას. ძმებმა აღნიშნულ საქმეზე სარჩელი აღძრეს. საქმის განხილვა 1957 წლის 8 აპრილამდე გაგრძელდა. სწორედ მაშინ ახალმა პრეზიდენტმა წერტილი დაუსვა ამ იურიდიულ დავას.
მართალია, ძმები იურიდიულ სირთულეებს ხვდებოდნენ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევდა. ძმა დჟალმა მენდეს სოუტო, რომელიც 1941 წელს მოინათლა და რომელიც „საზოგადოება საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი პირველი წევრი იყო, აღნიშნავს: „იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა, რწმენა და ენთუზიაზმი არასდროს შესუსტებულა. ამიტომაც არ შეჩერებულა მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა. ძალიან სასიხარულო იყო იმის დანახვა, რომ 1947 წელს მაუწყებლების რიცხვმა ქვეყანაში 1000-ს გადააჭარბა“.
ზრდა არც ამის შემდეგაც შენელებულა. 2021 წელს ქვეყანაში მაუწყებლების უმაღლესმა რიცხვმა 913 479 შეადგინა, ხოლო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 2 184 856 ადამიანი დაესწრო. იმავე წელს რეგიონული კონგრესი „გაძლიერდით რწმენით!“ 15 ენაზე ითარგმნა, მათ შორის 10 ადგილობრივ ენაზე.
ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, როგორ უჭერს მხარს იეჰოვა ბრაზილიაში სამქადაგებლო საქმეს. ჩვენი და-ძმების მოთმინების მაგალითი გვარწმუნებს, რომ იეჰოვა იხსნის მის მოიმედეთ (ესაია 25:9).