2021 წლის 27 იანვარი
ბრაზილია
იეჰოვას მოწმეებმა სამეფოს ცნობა ბრაზილიის შორეულ მხარეებში მცხოვრებ ხალხსაც მიაწვდინეს
ბრაზილიის დაახლოებით 1 500 ქალაქში არ არის იეჰოვას მოწმეთა კრებები. ზოგი ქალაქი დაშორებულ ტერიტორიებზე მდებარეობს და იქ მაცხოვრებელთა უმეტესობა არასოდეს შეხვედრია იეჰოვას მოწმეებს. ამიტომ ბრაზილიის ფილიალი გეგმავდა, ამ ტერიტორიებზე ქადაგების მიზნით ორგანიზება გაეწია სპეციალური კამპანიისთვის 2020 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო კამპანია წერილების მეშვეობით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მაუწყებლებმა 3 000 კრებიდან.
მაუწყებლებმა ინტერნეტის მეშვეობით მოიძიეს ინფორმაცია იმ ქალაქების შესახებ, რომლებშიც უნდა ექადაგათ და წერილების წერისას მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინეს. მაგალითად, ერთი პიონერი წერილებს გზავნიდა ტოკანტინის შტატის ერთ-ერთ ქალაქში. მან შეიტყო, რომ ის რეგიონი ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად დაზარალებულა. ამიტომ თავის წერილებში ის რთავდა აზრებს გამოცხადების 21:5-დან და წერდა, რომ იეჰოვა მალე შექმნიდა „ყოველივე ახალს“ და გადაჭრიდა გარემოსთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. რამდენიმე დღეში დამ ხმოვანი შეტყობინება მიიღო ერთი ქალბატონისგან, რომელიც მადლიერებას გამოხატავდა. მას ძალიან მოეწონა იმის გაგება, რომ ღმერთს შეეძლო ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ის უფრო მეტ ინფორმაციას ითხოვდა.
ერთმა მობინადრემ მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა დას. მისი სიტყვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად კარგი შედეგები მოჰყვა კამპანიას. ის წერდა: „ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამოგიყენათ ღმერთმა, ჩემამდე რომ მოგეწვდინათ ხმა. ... დიდი მადლობა! თქვენ იმის რწმენა დამიბრუნეთ, რომ ღმერთს ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე და ჩემს ოჯახზე! გული სითბოთი ამევსო. მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ ვხვდები, რომ თქვენი მეშვეობით ღმერთმა ლოცვაზე მიპასუხა. გულწრფელად გიხდით მადლობას!“.
ერთი უხუცესი, რომელიც პეტროპოლისში (რიო-დე-ჟანეირო) „იტამარატის კრებაში“ მსახურობს, კამპანიაში ჩართულ მრავალი და-ძმის გრძნობებს შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „თავი შორეულ ტერიტორიებზე დანიშნული სპეციალური პიონერები გვეგონა. ამ კამპანიამ შესაძლებლობა მოგვცა, ის გაგვეკეთებინა, რაც, ჩვეულებრივ, ბევრი და-ძმისთვის წარმოუდგენელია მდგომარეობისა და ოჯახური პასუხისმგებლობების გამო“.
იეჰოვამ უდავოდ აკურთხა ეს კამპანია. ჩვენ გვაქვს პატივი, საკუთარი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგოს „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23).