არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ბრაზილიის ფილიალი, რომელიც სან-პაულუს მახლობლად მდებარეობს; მარჯვნივ: მოხალისეები, რომლებიც ჩართულნი არიან ბრაზილიის ფილიალის განახლების პროექტში.

2022 წლის 6 მაისი
ბრაზილია

მიმდინარეობს ბრაზილიის ფილიალის განახლება

მიმდინარეობს ბრაზილიის ფილიალის განახლება

ბრაზილიის ფილიალის განახლების ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ფილიალი მდებარეობს ქალაქ სან-პაულუს დასავლეთით 140 კილომეტრში. პროექტი ითვალისწინებს ბეთელის შენობების განახლება-გარემონტებას. გარკვეულ სირთულეებს ქმნის ის გარემოება, რომ სამუშაოები უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს ფილიალის ფუნქციონირებას. მაგალითად, ბეთელელები კვლავ ფილიალის ტერიტორიაზე იცხოვრებენ დროებით საცხოვრებლებში, სანამ მათი ოთახების შერემონტება არ დასრულდება. პროექტის დასრულებას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

განახლება ჩაუტარდება დაახლოებით 75 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს. მათ რიცხვში შედის ყველა ოფისი და 650 საცხოვრებელი ოთახი. განახლებული შენობები უფრო პრაქტიკული და გამოსადეგი იქნება. გარდა ამისა, ადვილი შესაძლებელი იქნება მათი გადაკეთება, მაგალითად, ოფისის კედლების მოხსნა ფართის სხვა დანიშნულებისთვის გამოყენების მიზნით. ყველა საცხოვრებელ ოთახს ექნება პატარა სამზარეულო. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება საჭირო ზომის ადგილი სამრეცხაოსთვის. შენობებში დამონტაჟდება ეკომეგობრული მოწყობილობები, რათა მნიშვნელოვანწილად შემცირდეს წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება.

და-ძმები, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი, ფილიალის ტერიტორიაზე იცხოვრებენ დროებით საცხოვრებლებში. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იქნება საწყობის შენობა, რომელშიც უკვე 25 საცხოვრებელი ოთახი განთავსდა. დროებითი საცხოვრებელი ოთახები მოეწყო, აგრეთვე, 91 სატვირთო ვაგონში, რომლებიც ფილიალის მიმდებარედ, ბეთელის სამეურნეო ტერიტორიაზე განთავსდა.

სატვირთო ვაგონები დროებით საცხოვრებლებად გადაკეთდა.

ძმა ჯოელ გრიგორი, ერთ-ერთი მშენებელი, აღნიშნავს: „იეჰოვას ორგანიზაცია საქმის შესრულებასთან ერთად და-ძმებსაც ამზადებს. აქ მოსვლისას მოხალისეების უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ უკვე იმდენი რამ ისწავლეს, რომ ახლა თავად ასწავლიან სხვებს“.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა უხვად აკურთხებს თავის ხალხს, რომლებიც მზადყოფნას იჩენენ და მონაწილეობას იღებენ ამ და სხვა თეოკრატიულ პროექტებში (ფსალმუნი 110:3).