2020 წლის 4 თებერვალი
ბრაზილია
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ბრაზილიაში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ
2020 წლის 18 იანვრის შემდეგ ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუსა და მინას-ჟერაისის შტატებში დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, რამაც გამანადგურებელი წყალდიდობა გამოიწვია. ქუჩებში მოვარდნილმა ნიაღვრებმა დააზიანა სახლები, წაიღო მანქანები და მოთხარა ხეები. ოფიციალური მონაცემებით, ათასობით ადამიანს მოუწია სახლების დატოვება; დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი.
ესპირიტუ-სანტუ
ქალაქ იკონიასა და ალფრედუ-შავისში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 9 სახლი, რომლებშიც მთლიანობაში 27 და-ძმა ცხოვრობდა. საბედნიეროდ, არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა და არ დაშავებულა.
100-მდე იეჰოვას მოწმემ სურვილი გამოთქვა, დახმარება აღმოეჩინათ სტიქიით დაზარალებული და-ძმებისთვის. უხუცესების ხელმძღვანელობით დაზარალებულები საკვებით, წყლით და ტანსაცმლით მოამარაგეს. აგრეთვე მოხალისეებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს როგორც და-ძმების, ისე მეზობლების სახლებში, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.
მინას-ჟერაისი
ამ შტატში არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა 5 სამეფო დარბაზი; გარდა ამისა იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 50 ოჯახს მოუწია ევაკუირება. მოვარდნილი წყლის გამო ზოგიერთმა და-ძმამ ვერ მოახერხა სახლების დატოვება და საჭირო გახდა მეორე სართულიდან მათი ნავებით გამოყვანა. ევაკუირებული და-ძმები თანაქრისტიანებმა თავიანთ სახლებში შეიფარეს.
ესპირიტუ-სანტუსა და მინას-ჟერაისის შტატებში ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რომლებიც სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივ უხუცესებთან თანამშრომლობენ და ზრუნავენ სტიქიით დაზარალებული მაუწყებლების ფიზიკური და სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
ჩვენ კვლავ ვლოცულობთ სტიქიით დაზარალებული და-ძმებისთვის. ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ის ქრისტიანული საძმოს მეშვეობით აძლიერებს, ანუგეშებს და პრაქტიკულ დახმარებას უწევს ჩვენს ძვირფას და-ძმებს (ფსალმუნი 28:7).