2020 წლის 8 დეკემბერი
ბულგარეთი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას
2020 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბულგარეთის მთავრობამ დაარღვია იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ხელისუფლებამ ნება უნდა დართოს მოწმეებს, გააგრძელონ დარბაზის მშენებლობა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, რომლის თაობაზეც ათ წელზე მეტია, დავა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბულგარეთის ხელისუფლებას დააკისრა ძმებისთვის კომპენსაციის გადახდა 9 600 ევროს ოდენობით (11 500 აშშ დოლარი).
საქმე ეხებოდა იეჰოვას მოწმეთა დარბაზის მშენებლობას მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჩვენმა ძმებმა 2006 წლის იანვარში შეიძინეს. ვარნას მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა გასცა 2007 წლის მაისში და ძმებმაც მალევე დაიწყეს მშენებლობა. მაგრამ იმავე წლის ივლისში მერმა შეაჩერა მშენებლობა, რის მიზეზადაც მოიყვანა სამშენებლო ნორმების დარღვევა. იმავე თვეს ბულგარეთის გავლენიანი ნაციონალური პოლიტიკური პარტიის წევრებმა სამშენებლო ობიექტზე პლაკატები გამოაკრეს და მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვარნას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს იეჰოვას მოწმეები და „საპროტესტო აქციებს ცალსახა მხარდაჭერა“ აღმოუჩინეს. მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ საპროტესტო აქციებს მერიც უჭერდა მხარს.
მართალია, მერის და სხვა ოფიციალური პირების ქმედებები აშკარად რელიგიური სიძულვილით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ რელიგიურ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და სამშენებლო პროექტის შეჩერება გამოიწვია დასახლებული პუნქტების რაიონებად დაყოფის წესებზე შეუთანხმებლობამ.
ძმებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს ბულგარეთის სასამართლოებში, მათ შორის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, მაგრამ უშედეგოდ. გარკვეული ხნის განმავლობაში მოწმეებს კრების შეხვედრების ჩატარება დაქირავებულ შენობაში უწევდათ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს არ აქვს გამართლება. კოლეგიის 6-მა მოსამართლემ 1-ის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობის შეჩერებით ვარნას მუნიციპალიტეტმა დაარღვია „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-11 მუხლებით.
ძმები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ოფიციალური პირები სრულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და საშუალებას მისცემენ მათ, დაასრულონ დარბაზის მშენებლობა. ეს სასიკეთო აღმოჩნდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და განდიდდება იეჰოვას სახელი ქალაქ ვარნაში. მთელი გულით ვემადლიერებით იეჰოვას, რადგან ის ყოველთვის მხარში უდგას თავის მსახურებს (ფსალმუნი 54:4).