2016 წლის 14 ივნისი
ბულგარეთი
ბულგარეთის სახელმწიფო ორგანო რელიგიურ დისკრიმინაციაში დამნაშავე პირებს აჯარიმებს
იეჰოვას მოწმეებმა ბულგარეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანი თუ ორგანიზაცია დაცული იყოს რელიგიური დისკრიმინაციისგან. კომიტეტმა, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის, განაცხადა, რომ ტელეკომპანია SKAT TV-ის ორმა ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ, რითაც ხალხი მათ წინააღმდეგ წააქეზა. კომიტეტის თქმით ტელეკომპანიის ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო.
ტელეკომპანია რელიგიურ სიძულვილს აღვივებს
ბულგარეთში სატელევიზიო კომპანიები დროდადრო თავიანთ გადაცემებში იეჰოვას მოწმეებს ცილს სწამებდნენ. ერთ-ერთი ტელეკომპანია იყო SKAT TV, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა თავიანთ გადაცემებში არაერთხელ დასწამეს ცილი იეჰოვას მოწმეებს და ისინი სასტიკ დამნაშავეებად მოიხსენიეს. ეს გადაცემები ინტერნეტშიც განათავსეს.
ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემები ხალხში იეჰოვას მოწმეების მიმართ სიძულვილს ნერგავდა და მათ იმისკენ აქეზებდა, რომ მოწმეებს სასტიკად მოპყრობოდნენ. 2011 წლის მაისში SKAT TV-ის ერთ-ერთ გადაცემაში გამართლებულ იქნა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის ფაქტი. ეს ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ ბურგასში. იეჰოვას მოწმეები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავდნენ, როცა მათ სამეფო დარბაზში (იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ადგილი) უცნობი პირები შეიჭრნენ და რამდენიმე დამსწრეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმედ დაშავებული ხუთი იეჰოვას მოწმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეკომპანია SKAT TV-ის ამ გადაცემაში ხალხს იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრების დარბევისკენ მოუწოდეს. სხვა გადაცემებში ისიც კი იყო აღნიშნული, რომ მოწმეებმა სამართლიანად დაიმსახურეს ასეთი მოპყრობა. a
გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი; ამასთანავე, ვანდალური თავდასხმები განხორციელდა მათ სამეფო დარბაზებზე. ზოგ რეგიონში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა კანონებიც კი შემოიღეს, რათა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეეზღუდათ.
კომიტეტი აჯარიმებს კანონისა და ეთიკური ნორმების დამრღვევთ
2012 წლის თებერვალში იეჰოვას მოწმეებმა საჩივრით მიმართეს კომიტეტს, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის. საჩივარი ეხებოდა SKAT TV-ის 6 გადაცემას, რომლებიც ეთერში 2010-2011 წლებში გავიდა. მოწმეები აცხადებდნენ, რომ ტელეკომპანიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმეებმა ისიც აღნიშნეს, რომ სწორედ ამ გადაცემების გამო გახდნენ ისინი ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი.
2016 წლის 25 იანვარს კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. მან განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ და მისმა ორმა ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენეს იეჰოვას მოწმეებს, რადგან ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. კომიტეტმა დასძინა, რომ ეთერში გასული 6 გადაცემა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გადადგმული დისკრიმინაციული ნაბიჯი იყო და, რომ ჟურნალისტებმა უხეშად დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ნორმები.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის ყველა წევრს უსამართლოდ მოექცნენ. მან ისიც თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის და ის ადამიანებს შორის სიძულვილის გაღვივების უფლებას არ იძლევა; შესაბამისად, ტელეკომპანიამ და მისმა ორმა ჟურნალისტმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ საქციელზე.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეებზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მეტად სერიოზული იყო. ტელეკომპანია SKAT TV-იმ და მისმა ჟურნალისტებმა არ აღიარეს დანაშაული და უარი განაცხადეს, პასუხი ეგოთ თავიანთ ქმედებაზე. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა ტელეკომპანიასა და მის ჟურნალისტებს ჩვეულებრივზე დიდი ჯარიმა დააკისრა, რითაც ცხადყო, რამდენად სერიოზული იყო მათი დანაშაული.
სამართლიანობის აღდგენა
მოწმეები მადლიერები არიან, რომ კომიტეტმა ჩადენილი დანაშაულისთვის ცილისმწამებელ და მიკერძოებულ ჟურნალისტებს პასუხი აგებინა. ბულგარეთში იეჰოვას მოწმეები დღესაც ხდებიან მსგავსი უსამართლობის მსხვერპლი სხვა მედია საშუალებების მხრიდან; ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების დაჯარიმება გამაფრთხილებელი მაგალითი იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ მათაც არ გაიმეორონ იგივე შეცდომა — ცილი არ დასწამონ და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიაყენონ იეჰოვას მოწმეებს.
კრასიმირ ველევი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ბულგარეთში, აღნიშნავს: „არავის სურს, ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს მასზე. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ბულგარეთის მოსახლეობას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს იეჰოვას მოწმეებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა სიმართლე გაიგოს. მოხარულები ვართ, რომ კომიტეტმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“.
a 2015 წლის 8 ივლისს ტელეკომპანია SKAT TV-ის ეთერში კიდევ ერთხელ გავიდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო 2011 წლის 17 აპრილს მომხდარი სასტიკი თავდასხმა იეჰოვას მოწმეებზე. ეთერში გასულმა ამ ვიდეომ ხელი შეუწყო მოწმეების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.