არჩეულ მასალაზე გადასვლა

სტენდით ქადაგება სოფიაში (ბულგარეთი)

2017 წლის 14 თებერვალი
ბულგარეთი

დაუჭერენ მხარს ბულგარეთის სასამართლოები რელიგიის თავისუფლების უფლებას?

დაუჭერენ მხარს ბულგარეთის სასამართლოები რელიგიის თავისუფლების უფლებას?

2016 წლის 4 ივნისს ნიკოლაი სტოიანოვი ქალაქ ბურგასის ერთ-ერთ ქუჩაზე ლიტერატურის სტენდთან იდგა და გამვლელებს იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებს უსასყიდლოდ სთავაზობდა. დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მუნიციპალიტეტის დადგენილების დარღვევაში დაადანაშაულეს და 50 ლევის (27 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ნიკოლაი სტოიანოვი ერთ-ერთი იყო იმ ხუთ იეჰოვას მოწმეს შორის, რომლებსაც ბურგასში მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობის შესრულების გამო მაის-ივნისის თვეებში ბრალდება წაუყენეს და ჯარიმა დააკისრეს.

სასამართლოების დასკვნით, მუნიციპალური საბჭოები ხელყოფენ რელიგიის თავისუფლების უფლებას

ნიკოლაიმ და დანარჩენმა ოთხმა მოწმემ წაყენებული ბრალდებები გაასაჩივრეს და დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს. 2016 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ბურგასის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, მათ ბრალდება და ჯარიმა მოეხსნათ.

ამავე პერიოდში იეჰოვას მოწმეებმა ბურგასის მუნიციპალიტეტის დადგენილება გაასაჩივრეს, რათა სასამართლოს დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა ის კონსტიტუციას. 2016 წლის 12 ოქტომბერს ბურგასის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობის შეზღუდვას, არღვევდა ბულგარეთის კონსტიტუციას და უგულებელყოფდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას, რომ დაიცავდა რელიგიის თავისუფლების უფლებას.

ბურგასის მუნიციპალური საბჭოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დადგენილება არღვევდა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. 2013 წელს ერთ-ერთმა ნაციონალისტურმა პოლიტიკურმა პარტიამ მუნიციპალურ საბჭოს დადგენილებაში შესწორებების შეტანა შესთავაზა, რადგან, მათი თქმით, ზოგი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის თაობაზე. ბურგასის ოლქის გუბერნატორმა გადახედა დადგენილებას და დაასკვნა, რომ შემოთავაზებული შესწორებები დისკრიმინაციული ხასიათის იყო. ამიტომ გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ეს შესწორებები არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. თუმცა ახალმა გუბერნატორმა გააუქმა ეს ბრძანებულება, რის შემდეგაც მუნიციპალურმა საბჭომ დადგენილებაში შესწორებები შეიტანა. მართალია, ომბუდსმენმა გააფრთხილა მუნიციპალური საბჭო, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგებოდა კანონს, მაგრამ ისინი მაინც ძალაში დარჩა მანამ, სანამ ბურგასის საოლქო სასამართლომ არ გააუქმა.

მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ქალაქ კიუსტენდილშიც, სადაც მუნიციპალურმა საბჭომ დადგენილებაში შესწორებები შეიტანა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამით შეიზღუდებოდა იეჰოვას მოწმეთა რელიგიის თავისუფლების უფლება. შემდეგ ადგილობრივ პოლიციას დაავალა, სისრულეში მოეყვანა ეს სახეცვლილი დადგენილება. კიუსტენდილის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ვითომდა არალეგალური რელიგიური საქმიანობის შესრულებისთვის წაყენებული ექვსი ბრალდება და მათზე დაკისრებული 800 ლევის (439 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო: „მოსარჩელე დამნაშავედ მხოლოდ იმიტომ ცნეს, რომ ისარგებლა კონსტიტუციითა და რელიგიის შესახებ კანონით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების უფლებით“. 2016 წლის 24 ივნისს ამავე სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების საჩივარი და განაცხადა, რომ დადგენილებაში შეტანილი შესწორებები არაკონსტიტუციური იყო. a ქალაქ კიუსტენდილის მუნიციპალურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უფლებამოსილ პირებს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი აქვთ

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბულგარეთში, სულ მცირე, 44-მა მუნიციპალიტეტმა შესწორებები შეიტანა თავიანთ დადგენილებებში, რათა დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა შეეზღუდა. ამ დადგენილებების საფუძველზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოწმეებს წერილობით გაფრთხილებებს უგზავნიან, სასამართლოებში იძახებენ, ჯარიმებს აკისრებენ, ემუქრებიან და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ. მაგალითად, 2016 წლის 26 მარტს ქალაქ ვრაცის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მარინ ცვეტკოვი, დაემუქრა ორ იეჰოვას მოწმე ქალს, რომ მათ წინააღმდეგ საფეხბურთო ხულიგნებს წააქეზებდა. შემდეგ რამდენიმე ბიბლიური პუბლიკაცია წაართვა და დაუხია.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის სხვა ქალაქებში მიუკერძოებელმა თანამდებობის პირებმა და სასამართლოებმა მხარი დაუჭირეს რელიგიის თავისუფლებას. 2016 წლის 2 ივნისს დედაქალაქ სოფიაში სამი უფლებამოსილი პირი სტენდთან მდგომ იეჰოვას მოწმეებთან მივიდა და დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა სტენდით ქადაგების ნებართვა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ ბულგარეთის კონსტიტუცია ასეთი მშვიდობიანი საქმიანობის შესრულების გარანტიას იძლევა. ქალაქ პლოვდივში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია, მუნიციპალურმა საბჭომ ვეტო დაადო ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფების ინიციატივას, შესწორებები შეეტანათ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დადგენილებაში იმ მიზნით, რომ აეკრძალათ იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა.

როგორ განვითარდება მოვლენები?

ბულგარეთში იეჰოვას მოწმეები ემზადებიან, გაასაჩივრონ 44-ვე დადგენილება, რომლებიც მიზნად ისახავს, შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური მრწამსის გამოხატვის უფლება. კრასიმირ ველევი, სოფიაში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ეწევიან, რადგან ხალხს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან და მათ კითხვებზე ბიბლიიდან ამომწურავ პასუხებს სცემენ. ბევრი დადებითად ეხმაურება ამას, მაგრამ იმ ქალაქებში, სადაც შემზღუდველი დადგენილებები შევიდა ძალაში, გვავიწროებენ იმის გამო, რომ უფასოდ ვავრცელებთ პუბლიკაციებს და სახალხოდ გამოვხატავთ საკუთარ მრწამსს. როცა ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიცავთ ესოდენ მნიშვნელოვან თაყვანისცემის თავისუფლებას, რომელიც თავად ღმერთმა გვიბოძა“.

იეჰოვას მოწმეები მადლიერები არიან, რომ ბულგარეთის სასამართლოები და ბევრი უფლებამოსილი პირი მხარს უჭერენ რელიგიის თავისუფლების უფლებას, რომელიც მთელი საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დრო გვიჩვენებს, მოისურვებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დადგენილებების შეცვლას, რომლებიც ბულგარეთში რელიგიური საქმიანობის შეზღუდვას იზრახავს.

a ბულგარეთმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, „გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ვენეციის კომისიამ (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ეს კონვენცია იცავს იეჰოვას მოწმეთა უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ თაყვანსაცემად და თავიანთი მრწამსი სხვებს გაუზიარონ.