არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბულგარეთის უზენაესი სასამართლო ქალაქ სოფიაში

2019 წლის 20 მაისი
ბულგარეთი

უზენაეს სასამართლოში მოპოვებული გამარჯვებები იცავს იეჰოვას მოწმეთა უფლებებს ბულგარეთში

უზენაეს სასამართლოში მოპოვებული გამარჯვებები იცავს იეჰოვას მოწმეთა უფლებებს ბულგარეთში

2019 წლის მარტში ბულგარეთის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბოლო ინსტანციის სასამართლოა, გამოიტანა სამი გადაწყვეტილება ჩვენი თანაქრისტიანების სასარგებლოდ. ამ გამარჯვებებმა შექმნა ძლიერი იურიდიული პრეცედენტები ჩვენი და-ძმების თაყვანისცემის თავისუფლების უფლების დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორი საქმე უკავშირდებოდა მედია საშუალებებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. 2012 წელს გაზეთ „ვსეკი დენში“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ცრუ ინფორმაციას აშუქებდა ჩვენი სწავლებების შესახებ. იმავენაირად, 2014 წელს სამაუწყებლო კომპანია SKAT TV-მ გააშუქა რეპორტაჟი, რომელიც შეიცავდა დეზინფორმაციას ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ორივე შემთხვევაში, მედია საშუალებები უარს აცხადებდნენ იმის აღიარებაზე, რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში. მთელი რიგი სასამართლო პროცესებისა და გასაჩივრებების შემდეგ, საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა განსახილველად. 2019 წლის 18 მარტს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია SKAT TV-ს წინააღმდეგ. 26 მარტს კი სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიყენა როგორც პრეცედენტი, ჯარიმა დააკისრა გაზეთ „ვსეკი დენს“ და დაგმო აღნიშნული მედია საშუალების მიერ გამოყენებული „სიძულვილის ენა“.

მესამე საქმე ეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფების, ბულგარეთის ნაციონალური მოძრაობის (VMRO) მიერ ჩვენი ძმების სასტიკი დევნის ფაქტს. 2011 წლის 17 აპრილს, და-ძმები იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილები. 60-კაციანი აგრესიული ბრბო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გეორგი დრაკალიევი ხელმძღვანელობდა, თავს დაესხა ჩვენს და-ძმებს და სერიოზული ფიზიკური ზიანი მიაყენა. ძმებმა საქმე სხვადასხვა სასამართლოში აღძრეს. საბოლოოდ აღნიშნულმა საქმემ უზენაეს სასამართლომდეც მიაღწია. 2019 წლის 20 მარტს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა გეორგი დრაკალიევის წინააღმდეგ და ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ძალიან გვახარებს აღნიშნული საქმეების ამგვარი დასასრული. ეს გადაწყვეტილებები დაიცავს ჩვენს ძმებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, კვლავაც წყნარად და მშვიდად იცხოვრონ „ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ ( 1 ტიმოთე 2:2).