არჩეულ მასალაზე გადასვლა

გენერალური კონსული ტომას პროპსტლი სიმონე არნოლდ ლიბსტერს გერმანიის ღირსების ორდენს გადასცემს.

24 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
გერმანია

გერმანელი იეჰოვას მოწმე სიმონე არნოლდ ლიბსტერი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

გერმანელი იეჰოვას მოწმე სიმონე არნოლდ ლიბსტერი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

2023 წლის 15 დეკემბერს სიმონე არნოლდ ლიბსტერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი გადასცეს. ეს არის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც მოქალაქეებს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისთვის გადასცემენ. ეს ჯილდო 93 წლის სიმონეს საზეიმოდ გადასცა გენერალურმა კონსულმა ტომას პროპსტლმა ქალაქ შამბერიში, საფრანგეთში. სიმონე საზოგადოებას უზიარებდა, თუ რა სასტიკად ეპყრობოდნენ ნაცისტური რეჟიმის დროს იმ ადამიანებს, ვინც არ იზიარებდა სახელმწიფო იდეოლოგიას, რისთვისაც ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

სიმონემ თავისი ისტორია 25 ქვეყნის მოქალაქეებს გაუზიარა. მის გამოსვლებს 65 000-მდე ადამიანი დასწრებია, უმეტესად მოსწავლეები და მასწავლებლები. თავისი ასაკის მიუხედავად, ის კვლავაც გამოდის სიტყვით აუდიტორიის წინაშე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით და პასუხობს ახალგაზრდების კითხვებს. აგრეთვე ჰყვება იმის შესახებ, თუ რას სწავლობდა, როცა მათ ასაკში იყო. აი რა დაწერა ერთმა მოსწავლემ, როცა ასეთ შეხვედრას დაესწრო: „სიმონეს მონათხრობმა დამანახვა, რამხელა ძალა შეგიძლია იპოვო საკუთარ თავში, როცა მთელი არსებით გწამს რაღაცის“.

სიმონე არნოლდ ლიბსტერი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართავს მოსწავლეებს კოლორადოში (აშშ).

საზეიმო ცერემონიალზე გენერალურმა კონსულმა ტომას პროპსტლმა სიმონეს ასეთი სიტყვებით მიმართა: „გასაოცარია, როგორ გაძლიერებთ სხვებისთვის იმის მოყოლა, რაც თავს გადაგხდათ. ამ ყველაფერს ჰყვებით გულწრფელად და თანაც თქვენს სიტყვებში მშვიდობიანი მომავლის იმედი გამოსჭვივის. ამისთვის მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ“.

ნაცისტური რეჟიმის დროს სიმონეს და მის ოჯახს სხვა ათასობით იეჰოვას მოწმის მსგავსად საშინელი დევნების ატანა მოუწიათ. 12 წლის სიმონე იძულებით წაიყვანეს გერმანიის ქალაქ კონსტანციში, გამოსასწორებელ სკოლაში, სადაც ნაცისტები ცდილობდნენ მის სულიერად გატეხვას. იმის გამო, რომ კომპრომისზე არ მიდიოდა, სიმონეს ამცირებდნენ, საკმარის საკვებს არ აჭმევდნენ, იძულებით ამუშავებდნენ და ორი წლის განმავლობაში ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ. იმ პერიოდს ის შემდეგი სიტყვებით იხსენებს: „იეჰოვა მედგა მხარში. მისი წყალობით შევინარჩუნე ერთგულება“.

ძალიან ვაფასებთ, რომ სიმონე დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას და განადიდებს მის სახელს (მათე 5:16).