არჩეულ მასალაზე გადასვლა

სამი იეჰოვას მოწმე ჯილდოებით ხელში

19 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
გერმანია

გერმანიაში თხუთმეტ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს ჯილდო გადაეცა

გერმანიაში თხუთმეტ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს ჯილდო გადაეცა

2023 წლის 6 ივლისს ქალაქ კასელში (გერმანია) 15-მა ახალგაზრდა იეჰოვას მოწმემ მონაწილეობა მიიღო პროექტში, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ახალგაზრდებმა წარადგინეს ერთი გაბედული დის, ვილჰელმინი პოტერის ისტორია.

ქალაქ კასელის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით მიწაში ჩაფლულ პატარა მემორიალურ დაფებს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად გაიხსნა. მათ შორის არიან ვილჰელმინი და მისი ქმარი, იუსტუს პოტერი. ახლომდებარე სოფელ ნისტეტალში ვილჰელმინის სახელობის ქუჩაც არსებობს. მემორიალური დაფების გახსნიდან ათი წლისთავზე ახალგაზრდები მთელი ქალაქიდან მიიწვიეს, რათა ნაცისტური რეჟიმის დროს დაღუპულ ერთ ან რამდენიმე ადამიანზე მოეძიათ ინფორმაცია, გაეკეთებინათ პრეზენტაცია და გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები.

ავტობუსის გაჩერება, სადაც გამოფენილია ვილჰელმინის წერილები მისსავე სახელობის ქუჩაზე.

ჩვენმა ახალგაზრდა და-ძმებმა, რომელთა ასაკი 13-დან 23 წლამდე მერყეობდა, ვილჰელმინის ისტორია წარადგინეს. მათ მოამზადეს მისი ცხოვრების ამსახველი 24-წუთიანი ვიდეო, სახელწოდებით, „მხოლოდ ღვთის მორჩილი“. ვიდეოში მოთხრობილი იყო, როგორ დააპატიმრეს ვილჰელმინი 1937 წელს ნაცისტური რეჟიმის დროს და როგორ დაასრულა მან სიცოცხლე 1942 წელს რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, 49 წლის ასაკში. ახალგაზრდებმა გააკეთეს პატარა პოსტერებიც, რომლებსაც თან დაურთეს ვილჰელმინის მიერ ქმრისთვის და ოჯახის წევრებისთვის მიწერილი წერილების ფოტოები. ეს პოსტერები ვილჰელმინის სახელობის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერებაზეც იყო გამოკრული.

1937 წლის 25 აპრილით დათარიღებულ ქმრისადმი მიწერილ წერილში ვილჰელმინი წერდა: „ჩემო ძვირფასო იუსტუს, ბედნიერი ვარ, რომ განაჩენს ორივე მშვიდად შევხვდით. ჩვენ ყველაფერი უფალს მივანდეთ, რომ მან გვიხელმძღვანელოს. ლოცვაში ვთხოვ მას, გაგვაძლიეროს სულიერად და ფიზიკურად, რათა შევძლოთ, შევასრულოთ ჩვენი აღთქმა და ბოლომდე ერთგულება შევინარჩუნოთ. ის არასდროს დაუშვებს იმაზე მეტს, რის ატანასაც ვერ შევძლებთ. ამიტომაც შევყურებთ ძლიერი რწმენითა და ნდობით ჩვენს უფალსა და წინამძღოლს“. აშკარაა, მისი ლოცვა შეისმინა იეჰოვამ. ვილჰელმინი და იუსტუსი სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ.

ქმრისადმი მიწერილი ვილჰელმინის წერილი (25 აპრილი, 1937)

23 წლის ალექსანდრა ალტემაიერმა ვიდეოში ასეთი რამ თქვა: „ვილჰელმინიმ და მისმა ქმარმა ზუსტად იცოდნენ, რომ ქრისტეს მიმდევრობის გამო წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ. ისინი არ შეუშინდნენ დევნას, დაპატიმრებას და სიკვდილსაც კი, რადგან იცოდნენ, რომ ღმერთი არასოდეს დაივიწყებდა მათ“. პროექტში მონაწილეობა 18 წლის ოლე შროდერმაც მიიღო, რომელმაც აღნიშნა: „ვილჰელმინის მაგალითი მოტივაციას მმატებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა რწმენამ, ერთგულებამ, მოთმინებამ და დადებითმა განწყობამ, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა. მისი მაგალითიდან ვხედავ, რამდენად ფასეულია ღმერთთან ურთიერთობა“.

დაჯილდოების ცერემონიაზე ეს ვიდეო 180-მა დამსწრემ იხილა, რომელთა შორისაც იყვნენ მოსწავლეები, პრესის წარმომადგენლები, ქალაქის მერი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი და სკოლის დირექტორი.

ამ პროექტში მონაწილე ახალგაზრდა და-ძმებთან ერთად ჩვენც გვამხნევებს და მოტივაციას გვმატებს ვილჰელმინისა და იუსტუსის რწმენის მაგალითები. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა არასდროს დაივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს (ებრაელები 6:10).