არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საკონსულო

2017 წლის 10 ოქტომბერი
გერმანია

გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს

გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს

გერმანიაში 26-წლიანი სამართლებრივი განხილვის შემდეგ იეჰოვას მოწმეებს ისეთივე იურიდიული სტატუსი მიანიჭეს, როგორიც ძირითად რელიგიებს აქვთ ამ ქვეყანაში. გერმანიის 16 ფედერალური ოლქიდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია უკანასკნელი იყო, რომელმაც 2017 წლის 27 იანვარს იეჰოვას მოწმეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა. იეჰოვას მოწმეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 100 წელზე მეტია, რაც გერმანიაში მოღვაწეობენ, სახელმწიფო ადგილობრივ ფილიალსა და ათასობით კრებას დამოუკიდებელ რელიგიურ გაერთიანებებად მიიჩნევდა. ახლა კი, როდესაც გერმანიის 16-ვე ფედერალურ ოლქში იეჰოვას მოწმეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს, სახელმწიფო მათ ერთ რელიგიურ გაერთიანებად მიიჩნევს. ასეთი სტატუსი მოწმეებს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

ხანგრძლივი ბრძოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მისაღებად

1921 წელს იეჰოვას მოწმეები პირველად დარეგისტრირდნენ გერმანიაში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა მოითხოვეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რათა ესარგებლათ იმ პრივილეგიებით, რომლებითაც ამ სტატუსის მქონე სხვა რელიგიები სარგებლობენ.

რელიგიური გაერთიანება მთელ გერმანიაში რომ დარეგისტრირდეს როგორც საჯარო სამართლის კორპორაცია, კანონი მოითხოვს, რომ ამ რელიგიურმა გაერთიანებამ ჯერ მოიპოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი იმ ფედერალურ ოლქში, სადაც დაფუძნდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას იგივე სტატუსი ქვეყნის სხვა 15 ფედერალურ ოლქში მოითხოვოს. 1990 წელს მოწმეების რელიგიურმა გაერთიანებამ „იეჰოვას მოწმეები გერმანიაში“ პირველად ბერლინში მოითხოვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და თავის იურიდიულ მისამართს დღემდე იქ ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მოკლე ვადაში იღებს, დაახლოებით ერთ ან ორ წელიწადში, ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს ამ სტატუსის მინიჭებაზე წლების მანძილზე უარს ეუბნებოდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის წარმომადგენლებს ის მოჰყავდათ, რომ მოწმეები არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. თუმცა ეს არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგან გერმანიის კონსტიტუციით არჩევნებში მონაწილეობის მიღება სრულიად ნებაყოფლობითია.

საბოლოოდ, სტატუსის მიღების საკითხი სასამართლო განხილვის საგანი გახდა. 2005 წლის 24 მარტს ბერლინში ზემდგომმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია გერმანიაში აღიარებული უნდა იყოს როგორც „საჯარო სამართლის კორპორაცია“. ერთი წლის შემდეგ ბერლინის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიცვალა შეხედულება და მოწმეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა, რითაც დასრულდა 16-წლიანი სასამართლო დავა ბერლინის ხელისუფლებასთან.

ამის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოითხოვეს გერმანიის სხვა 15 ფედერალურ მხარეში. 2009 წელს 11-მა ფედერალურმა ოლქმა მიანიჭა მოწმეებს ზემოხსენებული სტატუსი; მომდევნო წლებში კიდევ სამმა ფედერალურმა ოლქმა მიანიჭა მოწმეებს ეს სტატუსი. ხოლო ბოლოს, 2017 წლის 27 იანვარს, მოწმეებმა იგივე სტატუსი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეშიც მიიღეს. საბოლოოდ დასრულდა იეჰოვას მოწმეების 26-წლიანი სამართლებრივი ბრძოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მისაღებად, რომლითაც გერმანიაში სხვა ძირითადი რელიგიები სარგებლობენ.

რა შედეგი მოჰყვა იურიდიული სტატუსის მიღებას?

დღეს გერმანიაში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალი და 2 000-ზე მეტი კრება ფუნქციონირებს როგორც ერთი იურიდიული პირი. წარსულში თითოეული გაერთიანება, რომელსაც მინიმუმ ერთი კრება წარმოადგენდა, დამოუკიდებელ გაერთიანებად მიიჩნეოდა. ამიტომ მათ კანონით მოეთხოვებოდათ, წარედგინათ ყოველწლიური ანგარიში და საგადასახადო დეკლარაცია. გარდა ამისა, კრების უხუცესები ვალდებული იყვნენ მთავრობისთვის ანგარიში წარედგინათ უხუცესების დანიშვნის, საკუთრების შეძენის, კრებისთვის სახელწოდების შეცვლისა თუ კრებების გაერთიანების შესახებ, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. დღეს მათ შეუძლიათ ეს დრო კრების წევრების სულიერი დახმარებისთვის გამოიყენონ. ამასთანავე, კრებები გათავისუფლდნენ გადასახადისგან, რომელსაც ადრე ანგარიშების წარსადგენი პროცედურებისთვის იხდიდნენ. ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც კრებაში დიდი ხანია, უხუცესად მსახურობს, ამბობს: „ახლა შეგვიძლია ნებაყოფლობითი შესაწირავები სრულად გამოვიყენოთ სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად“.

იურიდიული სტატუსის გარეშე გერმანიაში იეჰოვას მოწმეების რელიგიას არ აღიარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაახლოებით 274 000 იეჰოვას მოწმე და სხვები თაყვანისცემის მიზნით ერთად იკრიბებოდნენ. გერმანიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის ადვოკატი არმინი პიკლი აღნიშნავს: „ამ 26 წლის განმავლობაში, რაც იურიდიული სტატუსის მოპოვებას ვცდილობდით, მასმედიამ უამრავი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა ჩვენს რელიგიაზე. ზოგჯერ კვირა არ გავიდოდა, რომ ჩვენთვის ცილი არ დაეწამათ. ახლა უკვე ნაკლებად ხდება მსგავსი რამ“. ვერნერ რუდკე, რომელიც დიდი ხანია იეჰოვას მოწმეა, ამბობს: „რელიგიური გაერთიანება, რომელსაც სურს ასეთი იურიდიული სტატუსის მოპოვება, ყოველმხრივ კანონმორჩილი უნდა იყოს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ სტატუსის მიღებით იეჰოვას მოწმეებზე გავრცელებულ ბევრ ცრუ ბრალდებას პასუხი გაეცა“. კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე პეტრა აღნიშნავს, რა სირთულეებს ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმე ბავშვები სკოლებში. იგი ამბობს: „ეს სტატუსი ბევრ რამეში დაეხმარება იეჰოვას მოწმე მოსწავლეებს. დღემდე სკოლებში ადგილი ჰქონდა მასწავლებლების მხრიდან იეჰოვას მოწმე მოსწავლეების დისკრიმინაციას, ვინაიდან არასწორად ასკვნიდნენ, რომ ისინი სექტის მიმდევრები იყვნენ და არა რელიგიის“.

იეჰოვას მოწმეები გერმანიაში მადლიერნი არიან, რომ მათი რელიგიური საქმიანობა ხელისუფლებამ აღიარა და იურიდიული სტატუსი მიანიჭა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ სტატუსის მოპოვების შემდეგ მსგავს სირთულეებს აღარ შეხვდებიან და ეს სასიკეთოდ აისახება როგორც თითოეულ იეჰოვას მოწმეზე, ისე მთელ რელიგიურ გაერთიანებაზე.