არჩეულ მასალაზე გადასვლა

კადრი 1991 წელს გამოცემული დოკუმენტური ფილმიდან „იისფერი სამკუთხედი“; ენმერი კუსეროვი თავის არქივთან ერთად, რომელშიც შესულია 1 000-ზე მეტი მასალა და ასახულია ნაცისტური რეჟიმის დროს მისი ოჯახის დევნა.

2022 წლის 27 დეკემბერი
გერმანია

ენმერი კუსეროვის არქივთან დაკავშირებული ახალი სასამართლო საქმე

ახალი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ენმერის არქივი მთლიანად იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნის.

ენმერი კუსეროვის არქივთან დაკავშირებული ახალი სასამართლო საქმე

არც ისე დიდი ხნის წინ jw.org-ზე და გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბუნდესვერის სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა (დრეზდენი, გერმანია) არ დათმო ენმერი კუსეროვის არქივი და არ სცა პატივი მის უკანასკნელ ნება-სურვილს. თუმცა ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ამყარებს იეჰოვას მოწმეთა პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამან აღძრა ჩვენი ორგანიზაცია, მუზეუმის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი საქმე აღეძრა.

7 წელზე მეტი ხნის მანძილზე იეჰოვას მოწმეები მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო ჩვენმა ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამწუხაროდ, 2021 წელს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მუზეუმს პატიოსანი გზით ჰქონდა შეძენილი არქივი.

ისტორიული საგანძური

26 წლის ასაკში ენმერიმ დაიწყო იმ მასალების დაარქივება, რომლებიც უკავშირდებოდა იეჰოვას მოწმეთა დევნას ჰოლოკოსტის პერიოდში. ის ამ მასალას დაახლოებით 65 წელი ინახავდა, მანამ, სანამ 2005 წელს არ დაიღუპა. საკუთარი და თანაქრისტიანების ისტორია რომ შემოენახა, მან არაერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში. ეს არქივი საერთაშორისო დონის ისტორიულ საგანძურად არის შეფასებული.

ენმერის სურდა, რომ ამ არქივით როგორც სხვებს, ისე იეჰოვას მოწმეებს მისი ოჯახის ერთგულების მაგალითით რაღაც ესწავლათ. სწორედ ამიტომ მან თავის ერთადერთ მემკვიდრედ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანება დაასახელა, თუმცა მისი ეს სურვილი დღემდე არ შესრულებულა.

ენმერისა და მისი ოთხი დედმამიშვილის ისტორია ასახულია 1991 წელს გამოცემულ დოკუმენტურ ფილმში „იისფერი სამკუთხედი“. ფილმში კუსეროვების ოჯახის მაგალითზე ვიგებთ, თუ როგორ დევნიდა ნაცისტური რეჟიმი იეჰოვას მოწმეებს, რადგან ისინი არ უარყოფდნენ თავიანთ რწმენას და ჰიტლერს არ აღუთქვამდნენ ერთგულებას. დოკუმენტურ ფილმში აგრეთვე ნახავთ დოკუმენტებსა და ფოტოებს ენმერის არქივიდან.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ენმერიმ თავის ინტერვიუში თქვა, რომ, როცა გესტაპო მის ბინაში შეიჭრა, არქივის დიდი ნაწილი კინაღამ დაკარგა. მან თქვა: „პორტფელი შემოსასვლელში მედო და წერილები და დოკუმენტები მის ქვეშ მქონდა დამალული“. პორტფელი ენმერის ვაშლებით ჰქონდა სავსე, რადგან იმედოვნებდა, რომ ოფიცრები იქ ძებნას არაფერს დაუწყებდნენ. ის იმასაც კი ფიქრობდა, რომ, თუ გეგმა ჩაუვარდებოდა, საჭმელი მაინც ექნებოდა ციხეში. საბედნიეროდ, მისმა გეგმამ გაამართლა.

არქივის უნებართვოდ გაყიდვა

ენმერის გარდაცვალებიდან მალევე მისი არქივი სახლიდან გაქრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ენმერის ერთ-ერთმა ძმამ, რომელიც აღარ იყო იეჰოვას მოწმე, არქივი მუზეუმს მიჰყიდა. ენმერის არასოდეს მიუცია თავისი ძმისთვის ამის გაკეთების უფლება. ამჟამად ის ცოცხალი აღარ არის.

კუსეროვების ოჯახის ის წევრები, რომლებიც ცოცხლები დარჩნენ და იცოდნენ, რა ანდერძი ჰქონდა დატოვებული ენმერს, გაოგნებულები იყვნენ, როდესაც სასამართლომ მუზეუმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მას შემდეგ ოჯახმა, მეგობრებმა და ნაცისტების მიერ დევნილმა სხვა იეჰოვას მოწმეებმა მუზეუმსა და თავდაცვის სამინისტროს ასობით წერილი მისწერეს, სადაც თხოვნით მიმართავდნენ მათ, რომ პატივი ეცათ ენმერის სურვილისთვის და არქივი იეჰოვას მოწმეებისთვის გადაეცათ.

უნიკალური მასალები

დოკუმენტებს შორის ინახება ენმერის ძმის, ვილჰელმის, გამოსამშვიდობებელი წერილიც, რომელიც 1940 წლის 26 აპრილს დაწერა. მან უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე, რადგან იეჰოვას მოწმე იყო. სწორედ ამის გამო ნაცისტებმა მას სიკვდილი მიუსაჯეს.

ვილჰელმი წერდა: „ძვირფასო მშობლებო და და-ძმებო, იცით, რამხელა ადგილი გიკავიათ ჩემს გულში. ხშირად ვუყურებ ჩვენს ოჯახურ ფოტოს და ვიხსენებ, რა ტკბილად ვცხოვრობდით ერთად. თუმცა არ მავიწყდება, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი უნდა გვიყვარდეს. თუ ვუერთგულებთ მას, აუცილებლად დაგვაჯილდოებს“. ის 27 აპრილს, დილით, 25 წლის ასაკში, დახვრიტეს.

ენმერის მშობლებს, ფრენც და ჰილდა კუსეროვებს, 11 შვილი ჰყავდათ. ვილჰელმის მსგავსად ფრენციც და მისი უფროსი ვაჟებიც დააპატიმრეს, რადგან ომში არ მიიღეს მონაწილეობა. უმცროსმა შვილებმაც უარი თქვეს ჰიტლერისთვის სალმის მიცემაზე, ამიტომ ისინი მშობლებს დააშორეს და ნაცისტურ სკოლებში გაგზავნეს, მოგვიანებით კი გააშვილეს.

როდესაც კუსეროვების ერთ-ერთი უმცროსი ძმა, ვოლფგანგი, სამხედრო ტრიბუნალზე წარადგინეს, მან გაბედულად თქვა: «იეჰოვას მოწმე მშობლებმა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპებით აღმზარდეს. წმინდა წერილებში ორ უდიდეს მცნებას ვკითხულობთ: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ და „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ისიც წერია, რომ არ უნდა მოვკლათ. განა შემოქმედმა ეს სიტყვები ადამიანებისთვის არ დაწერა?!».

1942 წლის 28 მარტს 20 წლის ვოლფგანგს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.

უდიდესი ფასი

ენმერიმ და მისმა ოჯახმა უდიდესი ფასი გადაიხადეს თავიანთი რწმენისა და მტკიცე პოზიციის გამო, რათა ომში არ მიეღოთ მონაწილეობა. ზოგმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლე იმისთვის დათმო, რომ სხვისთვის არ წაერთმია სიცოცხლე. მთლიანობაში ოჯახმა 47 წელი გაატარა პატიმრობაში.

არქივი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორი რწმენით გამოირჩეოდა ეს ოჯახი და როგორ შეუძლია ასეთ ძლიერ რწმენას, სასტიკი დევნისა და სიკვდილის პირისპირაც კი ძალა შემატოს ადამიანს. ამ არქივმა მთლიანად რომ გადმოსცეს თავისი სათქმელი, იეჰოვას მოწმეთა მუზეუმებში უნდა იყოს წარმოდგენილი.

2022 წლის ოქტომბერში ენმერის უკანასკნელი დედმამიშვილი, პოლ-გერჰარდ კუსეროვი, დაიღუპა. ის იმედოვნებდა, რომ მოესწრებოდა დროს, როცა მუზეუმი პატივს მიაგებდა მისი დის სურვილს. ის სიკვდილამდე ცდილობდა, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. მან აღნიშნა: „ჩემი ძმები იმიტომ დაიღუპნენ, რომ სამხედრო სამსახურზე თქვეს უარი, ამიტომ სამხედრო მუზეუმი არ არის ის ადგილი, სადაც ეს არქივი უნდა ინახებოდეს“.

იეჰოვას მოწმეებიც ეთანხმებიან მის მოსაზრებას. მუზეუმის მხრიდან ენმერის სურვილის უგულებელყოფა ცალსახად არაეთიკური საქციელია. კუსეროვების ოჯახის სურვილს არც ნაცისტური რეჟიმი სცემდა პატივს და არც თანამედროვე გერმანია სცემს პატივს.

სამწუხაროდ, თავად არქივიც დაუფასებელია. არქივში არსებული 1 000-ზე მეტი მასალიდან, 6-ის გარდა, ყველა მუზეუმის სარდაფში ინახება და არანაირი სარგებელი არ მოაქვს ფართო საზოგადოებისთვის.

ვლოცულობთ, რომ სასამართლომ გადასცეს არქივი იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც მისი ფლობის კანონიერი და მორალური უფლება აქვთ (ლუკა 18:7).