არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზაქსენჰაუზენის მემორიალური მუზეუმი ორანიენბურგში. ვიზიტორები ათვალიერებენ გამოფენას „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“.

4 ნოემბერი, 2024
გერმანია

ზაქსენჰაუზენის მემორიალურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო

ზაქსენჰაუზენის მემორიალურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო

ავგუსტ დიკმანი

2024 წლის 15 სექტემბერს ორანიენბურგში, ზაქსენჰაუზენის მემორიალურ მუზეუმში (გერმანია), მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. გამოფენა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამოფენის გახსნის თარიღი დაამთხვიეს ავგუსტ დიკმანის სიკვდილით დასჯის 85-ე წლისთავს. ავგუსტი პირველი იეჰოვას მოწმე იყო, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დროს სიკვდილით დასაჯეს, რადგან რწმენის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე.

გერჰარდ ლიბოლდი და ემი ზეიდენი

ნაცისტური რეჟიმის დროს, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, 280-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დასაჯეს სიკვდილით. გამოფენაზე, 33 დაფაზე, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ასეთი ერთგული იეჰოვას მოწმის სურათები და მოკლე ცნობები მათ შესახებ. მათ შორის იყო ემი ზეიდენი, რომელიც ბერლინში 1944 წლის 9 ივნისს სიკვდილით დასაჯეს. ემი სახლში მალავდა გერჰარდ ლიბოლდს, ვერნერ გასნერს და ერთ ახალგაზრდას, სახელად ჰორსტს, რომელიც მისი შვილობილი იყო. სამივე მათგანმა რწმენის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე.

იოზეფ რევალდი

გამოფენის გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა ჰანს-იოაკიმ რევალდმა, რომელმაც მამამისის, იოზეფის, ისტორია გაიხსენა. 1938 წელს იოზეფმა უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე. ამის გამო მას ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის დროს მას სამ საკონცენტრაციო ბანაკში მოუწია ყოფნა, მათ შორის ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში. მან საკუთარი თვალით იხილა ძმა ავგუსტ დიკმანის სიკვდილით დასჯა. მიუხედავად ასეთი განსაცდელებისა, იოზეფი ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. გამოფენის შესახებ ერთმა იეჰოვას მოწმემ აღნიშნა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ და-ძმები მზად იყვნენ, საკუთარი სიცოცხლეც კი გაეღოთ ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად. მათ მსგავსად, მეც მინდა, იეჰოვასადმი ბოლომდე ერთგულება შევინარჩუნო“.

ძალიან ვაფასებთ იმ თანაქრისტიანებს, რომლებმაც ნაცისტური რეჟიმის დროს სიმტკიცე შეინარჩუნეს. მათი მაგალითი დღესაც არწმუნებს ბევრ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო იდევნებიან, რომ იეჰოვა განამტკიცებს და გააძლიერებს ყველა თავის მსახურს ურთულესი განსაცდელების დროსაც კი (1 პეტრე 5:10).