17 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
გერმანია
იეჰოვას მოწმეთა პატივსაცემად ფლოსენბიურგის საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გაიხსნა
2023 წლის 22 აპრილს ბავარიაში (გერმანია) ფლოსენბიურგის საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც იქ დაღუპულ იეჰოვას მოწმეებს მიეძღვნა. ესაა მეცხრე საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც იეჰოვას მოწმეთა პატივსაცემად მემორიალური დაფა გახსნეს.
ფლოსენბიურგისა და მის ახლოს მდებარე ბანაკებში 100-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო დაპატიმრებული. გამართულ ცერემონიალს ზოგი მათგანის ოჯახის წევრიც ესწრებოდა. ერთმა ძმამ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას წარსულში წარმოუდგენლად ცუდი რამ ხდებოდა, ძალიან სასიამოვნო იყო იმის გახსენება, როგორ ღირსეულად და ერთგულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას ჩვენი და-ძმები“.
ფლოსენბიურგის საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორმა, იორგ სკრიბელაიტმა, აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები იყვნენ პირველები, რომელთა საქმიანობაც 1933 წლის მარტში ნაცისტური რეჟიმის დამყარებისთანავე აიკრძალა. ამ ხალხს რწმენა ეხმარებოდა, რომ თავადაც გადარჩენილიყვნენ და სხვებსაც დასდგომოდნენ გვერდში, ვინც მათ რწმენას არ იზიარებდა“.
ცერემონიალზე შეკრებილებს იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელმა გერმანიაში, ძმა ვოლფრამ სლუპინამაც მიმართა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვას მოწმეთა ისტორია დავიწყებას არ მიეცა. ესაა იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც გერმანიის ყველაზე შავბნელ პერიოდში სინდისის ხმას უსმენდნენ“.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთგული და-ძმების სახელები, რომლებიც იდევნებოდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში სიცოცხლესაც კი ასრულებდნენ, ღვთის სამახსოვრო წიგნშია ჩაწერილი (მალაქია 3:16).