არჩეულ მასალაზე გადასვლა

9 ოქტომბერი, 2013
გერმანია

გერმანიაში ძეგლი დაუდგეს იეჰოვას მოწმეს, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა

გერმანიაში ძეგლი დაუდგეს იეჰოვას მოწმეს, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა

ზელტერსი, გერმანია—2013 წლის 21 ივნისს ლაუტერტალ-რაიხენბახში საზეიმოდ გაიხსნა ერთი იეჰოვას მოწმის, მაქს ლიბსტერის, ძეგლი, რომელმაც ხუთი წელი ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქალაქის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ძეგლის გახსნას დაესწრო ქალაქის მცხოვრებლები და მაქს ლიბსტერის ქვრივი, სიმონე ლიბსტერი, რომელიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეა.

ებრაელი მაქს ლიბსტერი 1939 წელს ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს გესტაპომ დააკავა. მას შემდეგ იგი ხუთ სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, ზაქსენჰაუზენში, ნეინგამში, ოსვენციმში, ბუნასა და ბუხენვალდში, მოხვდა. ამ ბანაკებში მისი ოჯახის რვა წევრი დაიღუპა, მათ შორის მამამისიც, რომლის გვამიც თავად მიიტანა ზაქსენჰაუზენის კრემატორიუმში.

მაქს ლიბსტერმა ბანაკებში გაიცნო იეჰოვას მოწმეები. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და 1945 წელს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, მოინათლა. როგორც ბრინჯაოს მემორიალურ დაფაზეა აღნიშნული, მაქს ლიბსტერი „სწორედ თავისმა რწმენამ გააძლიერა და სიცოცხლე შეუნარჩუნა“. ის 2008 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ საზეიმო ცერემონიალის მოსაწვევზე აღნიშნული იყო, რომ მაქს ლიბსტერი „მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ქრისტიანული ფასეულობების წყალობით ადამიანს შეუძლია მასში ჩადებული კარგი თვისებების გამოვლენა“. ვოლფრამ სლუპინა, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი გერმანიაში, აღნიშნავს: „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი თანამორწმუნის ძეგლი დაიდგა, რომელმაც სხვა მრავალი მოწმის მსგავსად გაბედულება გამოავლინა და არ უღალატა საკუთარ რწმენას რელიგიური შეუწყნარებლობის დროს. ეს ძეგლი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ მართლაც დიდი ძალა აქვს ბიბლიურ სწავლებას მშვიდობისა და ერთიანობის შესახებ, რომლისკენაც იეჰოვას მოწმეები ისწრაფვიან“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110