არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 16 ივლისი
გერმანია

გერმანიაში მამა-შვილს ჯილდო გადასცეს სამი ადამიანის გადარჩენისთვის

გერმანიაში მამა-შვილს ჯილდო გადასცეს სამი ადამიანის გადარჩენისთვის

ჯორიმი, კრისტიანე და ანდრეას ბონკები. დაჯილდოების ცერემონიალის დროს ანდრეასი საავადმყოფოში იმყოფებოდა

ზელტერსი, გერმანია — ანდრეას ბონკსა და მის შვილს, ჯორიმის, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, 2015 წლის 16 აპრილს საპატიო ჯილდო გადასცეს იმისთვის, რომ მათ სამი ადამიანი ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. მათ ჯილდო სპეციალურ ცერემონიალზე გადასცეს, რომელსაც ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის (გერმანიის სამხრეთ-დასავლეთი) შინაგან საქმეთა მინისტრი და აგრეთვე ბონკების მშობლიური ქალაქების, ობერსულმისა და ვაიბლინგენის ორი წარმომადგენელი ესწრებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რეინოლდ გალმა (ნაჩვენებია პირველ სურათზე, მარჯვნიდან მესამე), ანდრეას ბონკი ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის სპეციალური მედლით დააჯილდოვა. ვინაიდან დაჯილდოების ცერემონიალის წინ ანდრეასს მოულოდნელად ჰოსპიტალიზირება დასჭირდა, რის გამოც ვერ გამოცხადდა ადგილზე, ეს მედალი მის მეუღლეს, კრისტიანეს (ნაჩვენებია პირველ სურათზე, ცენტრში) გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალის დროს ქალაქ ობერსულმის მერმა, ტილმან შმიდტმა (ნეჩვენებია ზედა სურათზე, მარცხნივ ბოლოში) ანდრეასის ვაჟს, ჯორიმ ბონკს (ნაჩვენებია პირველ სურათზე, ცენტრში) საპატიო სერთიფიკატი გადასცა.

2014 წლის 11 მაისს ანდრეასი და მისი ვაჟი, ჯორიმი იეჰოვას მოწმეების მასშტაბურ შეხვედრაზე დასასწრებად ავტობანით მიდიოდნენ. ამ შეხვედრაზე ანდრეასს ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება უნდა წაეკითხა. გზად მამა-შვილი საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო. ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაკეტილი აღმოჩნდა გადატრიალებულ მანქანაში, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. ანდრეასი სხვა ორ ადამიანთან ერთად გაჩერდა, რომ დახმარებოდა სასიკვდილოდ განწირულთ. მან საკუთარი სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ჯარისკაცები რომ გამოეყვანა, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრეები მოვიდოდნენ. სამწუხაროდ, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ჟურნალში (Sulmtaler Woche) დაბეჭდილ სტატიაში ზემოხსენებული მინისტრის, რეინოლდ გალის მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები იყო მოყვანილი, რომლებმაც ჯარისკაცები სიკვდილს გადაარჩინეს: „თქვენ საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდეთ საფრთხეში, უშიშრად და გაბედულად რომ გემოქმედათ“. ტილმან შმიდტმა კი აღნიშნა: „ჩვენ, ობერსუმის მოსახლეობა, ვამაყობთ თქვენით!“.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათი

ანდრეას ბონკი გვიხსნის, თუ რამ უბიძგა იმისკენ, რომ ასე უშიშრად მოქცეულიყო: „შემთხვევის ადგილზე იმიტომ შევჩერდი, რომ მინდოდა, დავხმარებოდი გასაჭირში მყოფთ. ჩემთვის ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია ... მე ან ჩემი ოჯახის წევრები რომ აღმოვჩენილიყავით მსგავს სიტუაციაში, ვფიქრობ, სხვები ასევე გაბედულად იმოქმედებდნენ ჩვენ დასახმარებლად“. ჯორიმ ბონკი კი ამბობს: „მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, ზურგი არ უნდა ვაქციოთ“.

დაჯილდოების ცერემონიალი მერიის შენობაში ჩატარდა. გერმანიაში გამომავალ ერთ-ერთი ჟურნალში (STIMME.de), რომელიც ამ ღონისძიებას აშუქებდა, მოყვანილი იყო ქალაქ ვაიბლინგენის მერის, ანდრეას ჰესკის (ნაჩვენებია პირველ სურათზე, მარჯვნიდან მეორე) მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები, რომლებმაც ჯარისკაცები გადაარჩინეს: „შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რაც გააკეთეთ. თქვენ ქალაქ ვაიბლინგენის საამაყო და სანიმუშო მოქალაქეები ხართ!“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110