არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფალკონების ოჯახი იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე

2017 წლის 3 მარტი
გერმანია

გერმანიის სასამართლოები იეჰოვას მოწმეების კონგრესებს რელიგიურ დღესასწაულებად აღიარებენ

გერმანიის სასამართლოები იეჰოვას მოწმეების კონგრესებს რელიგიურ დღესასწაულებად აღიარებენ

2012 წლის აპრილში შვიდი წლის ვივიენ ფალკონმა სკოლის დირექტორს გადასცა წერილი, სადაც მისი მშობლები სთხოვდნენ მას, რომ ერთი დღით სკოლიდან დაეთხოვა მათი გოგონა. ვივიენის ოჯახს დაგეგმილი ჰქონდა, დასწრებოდნენ იეჰოვას მოწმეების სამდღიან კონგრესს ქალაქ მაინცში. სკოლის დირექციამ არ დააკმაყოფილა ვივიენის მშობლების თხოვნა, რომ პარასკევს, კონგრესის პირველ დღეს, დაეთხოვათ მათი გოგონა. უარის მიუხედავად, მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს კონგრესზე ვივიენის წაყვანა, რადგან მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, შვილს სულიერი განათლება მისცენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესი რელიგიურ დღესასწაულად ეღიარებინა, სამინისტრომ ვივიენის მშობლებს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

სამინისტროს გადაწყვეტილებას შესაძლოა მოგვიანებით უფრო ცუდი შედეგები მოეტანა ვივიენის მშობლებისთვის, რადგან გერმანიის კანონმდებლობით, თუ მშობელი არასაპატიო მიზეზით გააცდენინებს ბავშვს სკოლას, ეს მისი მხრიდან კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობად ჩაითვლება. მშობელს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება დააპატიმრონ კიდეც. ვივიენის მშობლებმა უფრო ფართო ჭრილში განიხილეს ეს საკითხი და დაინახეს, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით დაირღვა მათი უფლება, ისარგებლონ აღმსარებლობის თავისუფლებით და თავიანთი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე აღზარდონ შვილი.

საქმეს სასამართლოები განიხილავენ

ვივიენის მშობლებმა, სტეფანომ და ელიზამ, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. მათ განაცხადეს, რომ ეს რელიგიური ღონისძიება, რომელიც მთელი დღე გრძელდება, საშუალებას აძლევს მათ ოჯახს, ერთად სცენ თაყვანი ღმერთს და განიმტკიცონ რწმენა. მათ აღნიშნეს: „ამ კონგრესებს, რომლებიც ყოველწლიურად აღინიშნება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“. a სასამართლომ მშობლების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და იეჰოვას მოწმეების რეგიონული კონგრესები რელიგიურ დღესასწაულებად აღიარა. სამინისტრომ გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება. სამინისტროს მტკიცებით, იეჰოვას მოწმეების კონგრესები დღესასწაულად ვერ ჩაითვლება, რადგან ისინი უბრალოდ სადღესასწაულო ღონისძიებებია და არა საყოველთაოდ აღიარებული ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა შობა, აღდგომა თუ სხვა ეროვნული დღესასწაულები.

2015 წლის 27 ივლისს ჰესენის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას. უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ უშუალოდ რელიგიური გაერთიანების გადასაწყვეტია, ჩაითვლება თუ არა მათი რომელიმე ღონისძიება რელიგიურ დღესასწაულად. მიიღო რა მხედველობაში ის, რომ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული, სასამართლომ აღნიშნა: „წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ხელყოფს ეკლესიებისთვის, რელიგიური გაერთიანებებისა და ამა თუ იმ იდეოლოგიის მხარდამჭერთათვის ძირითადი კანონით [ანუ გერმანიის კონსტიტუციით] გარანტირებულ ავტონომიას და მათ უფლებას, დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი საქმიანობა“. სახელმწიფო ვალდებულია, „შეინარჩუნოს იდეოლოგიური და რელიგიური ნეიტრალიტეტი“.

უზენაესმა სასამართლომ მოიშველია იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც ახსნილია, რომ მოწმეები თავიანთ კონგრესებს რელიგიურ დღესასწაულებად მიიჩნევენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფალკონების თხოვნაზე უარის თქმით სამინისტრომ „ხელყო ბავშვის უფლება, ისარგებლოს აღმსარებლობის თავისუფლებით ... აგრეთვე მშობლების უფლება,.. თავიანთი რელიგიური შეხედულებების ან იდეოლოგიის საფუძველზე აღზარდონ შვილები“. სასამართლომ დაადგინა, რომ განათლების სამინისტროს „პოზიცია არღვევს ნეიტრალიტეტს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მოითხოვება“.

„რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის გამო გაკვეთილების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება“ (ჰესენის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო)

მრავალმხრივი განათლება

ვივიენის მშობლებმა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, ასეთი რამ აღნიშნეს: „ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისთვის, მნიშვნელოვანია განათლების მიღება, ამიტომ ვცდილობთ, შევაყვაროთ შვილებს სწავლა. ამავდროულად, ძალიან ვაფასებთ რელიგიურ განათლებას, რომელიც ჩვენს შვილებს სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილს უღვივებს და ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში ეხმარება. შედეგად, ისინი მრავალმხრივ ვითარდებიან, ხდებიან უფრო მოსიყვარულეები და თანამგრძნობები. მადლობას ვუხდით მოსამართლეებს ამ გადაწყვეტილებისთვის“.

ფალკონების ადვოკატი, არმინ პიკლი, ამბობს: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის კონგრესები რელიგიური დღესასწაულებია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მშობლებს აქვთ უფლება, თავიანთი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე აღზარდონ შვილები. ასე რომ, სკოლაში სწავლის პერიოდში იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ საპატიო მიზეზით გააცდინონ გაკვეთილები, რათა ამ ერთობ სასარგებლო კონგრესებს დაესწრონ. ვიმედოვნებ, რომ სხვა ქვეყნების სასამართლოებიც მსგავსი საქმეების განხილვის დროს მხედველობაში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“.

a რეგიონული კონგრესი, რომელიც ადრე საოლქო კონგრესის სახელით იყო ცნობილი, რელიგიური შეხვედრაა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ მთელ მსოფლიოში. ამ სამდღიანი საგანმანათლებლო ღონისძიების დროს დიდი თუ პატარა სწავლობს, როგორ გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპები.