10 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
გერმანია
ჰამბურგში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა
2023 წლის 9 მარტს ჰამბურგში (გერმანია) იეჰოვას მოწმეების დარბაზში მომხდარმა თავდასხმამ მთელი მსოფლიო შეძრა. და-ძმები რომ ენუგეშებინათ და გაემხნევებინათ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, საგამომცემლო კომიტეტის დამხმარე, გაიუს გლოკენტინი და ცენტრალური ევროპის ფილიალის კომიტეტის წევრები ჰამბურგში ჩავიდნენ. 25 მარტს ქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაინახეს, რამხელა ძალა აქვს ღვთის სიტყვას — მას შეუძლია ანუგეშოს და გააძლიეროს მგლოვიარეები. ერთმა ძმამ, რომელიც თავდასხმას გადაურჩა, აღნიშნა: „ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს იეჰოვამ დღეს გულში ჩაგვიკრა“.
პროგრამას ადგილზე 3 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო 90 000-ზე მეტმა პირდაპირი ტრანსლაციით მოისმინა.
იეჰოვას მოწმეების გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, ჰამბურგის მერი, ვიცე-მერი, ჰამბურგის პარლამენტის პრეზიდენტი, აშშ-ს გენერალური კონსული ჰამბურგში, სპორტისა და შინაგან საქმეთა სენატორი, სენატის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰამბურგის პოლიციის განყოფილების უფროსი და ვიცე-პრეზიდენტი.
ღონისძიება გაიხსნა ერთ-ერთი ჩვენი სიმღერით, რომელიც ორკესტრმა ცოცხლად შეასრულა. შეხვედრის თავმჯდომარე იყო ცენტრალური ევროპის ფილიალის კომიტეტის წევრი, ძმა იოაკიმ ზევჩიკი. მთავარი მოხსენება წარმოთქვა ძმა დირკ კიუპეკმა, ცენტრალური ევროპის ფილიალის კომიტეტის წევრმა. ამის შემდეგ აუდიტორიის წინაშე ძმა მარკ სანდერსონი წარდგა ბიბლიაზე დაფუძნებული მოკლე მოხსენებით. ბოლოს სცენაზე ისევ ძმა დირკ კიუპეკი ავიდა და დასკვნითი მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიამ კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა, ბოლოს კი ძმა გაიუს გლოკენტინმა შეხვედრა გულმხურვალე ლოცვით დაასრულა.
თავის მოხსენებაში ძმა მარკმა აუდიტორიას აუხსნა, რომ ღმერთი არ იწვევს ტრაგედიებს და ამის მიზეზი შეიძლება „დრო და შემთხვევა“ გახდეს, როგორც ბიბლიის წიგნ „ეკლესიასტეშია“ ნათქვამი (ეკლესიასტე 9:11). ძმა მარკმა დასძინა: „ტრაგედია ნებისმიერს შეიძლება დაატყდეს თავს, ამიტომ მიზეზების ძებნა აზრს მოკლებულია … იმედი, რწმენა და სიყვარული გადაგვატანინებს ასეთ რთულ წუთებს. ამ თვისებების წყალობით შეგვიძლია გავიმარჯვოთ სიძულვილსა და ძალადობაზე“. მან მადლობა გადაუხადა პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს ჩვენს და-ძმებს.
მოხსენების წარმოთქმისას ძმა დირკ კიუპეკმა აღნიშნა: «ეს არ იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე თავდასხმა. ის თითოეულ ჩვენგანზე განხორციელებული თავდასხმა იყო. ჩვენ დღეს აქ იმიტომ მოვედით, რომ დავუპირისპირდეთ ძალადობასა და სიძულვილს და ეს გავაკეთოთ სიყვარულის, თანაგრძნობის, რწმენისა და იმედის გამოხატვით. „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ — ნათქვამია ღვთის სიტყვაში. ჩვენ ამ მოწოდებით ვცხოვრობთ და დღესაც ამიტომ შევიკრიბეთ აქ» (რომაელები 12:21).
განსაკუთრებულად ემოციური მომენტი მაშინ დადგა, როცა ძმა დირკმა თითოეული დაღუპული სახელით მოიხსენია. მან თქვა: „ჩვენი აქ შეკრების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გამოვეთხოვოთ და გავიხსენოთ შტეფანი, სებასტიანი, ჯეიმსი და მარი, შტეფანი, დანი და პატარა რომი (თავდასხმის დროს დაღუპული ჯერ არშობილი ბავშვი)“. შემდეგ მან დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართა: „გვსურს, თქვენ გვერდით გვიგულოთ, ძვირფასებო!“.
თავისი სიტყვის დასკვნით ნაწილში ძმა დირკმა გაიხსენა დაღუპულთა გამორჩეული თვისებები და თქვა, რომ ყველას ძალიან დააკლდება ისინი. მან გამოცხადების 21:4, 5-ზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ გვენატრება ისინი და ვგლოვობთ მათ. ისინი მუდამ ჩვენს გულებში დარჩებიან. თუმცა დადგება დრო, როცა სიკვდილი აღარ იქნება და ღმერთი მოგვიშუშებს ამ იარებს. სწორედ ამ იმედს ეფუძნება ქრისტიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მომავალი. სიკვდილი დამარცხდება, ის ვერასდროს იტყვის საბოლოო სიტყვას, რადგან საბოლოო სიტყვა ღვთისაა. შტეფანის, სებასტიანის, ჯეიმსის, მარის, შტეფანის, დანისა და ჩვენი პატარა რომის ცხოვრებაში ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზოგიერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმაც წარმოთქვა სიტყვა. თავიანთ გამოსვლებში ჰამბურგის მერმა, პიტერ ჩენჩერმა, და ჰამბურგის პარლამენტის პრეზიდენტმა, კაროლა ვეიტმა, თანაგრძნობა გამოხატეს დაღუპულთა მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. მერმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ამ შემთხვევას ცოცხალი გადაურჩნენ, „დიდი სიმამაცით გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას, რაშიც მათ ღრმა რწმენა დაეხმარა“. მან აგრეთვე წაიკითხა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, სამძიმრის წერილი.
ეს პროგრამა არაერთმა მედიასაშუალებამაც გააშუქა. ერთ-ერთმა რეპორტიორმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „აქ ყველა გამორჩეულად კეთილია. არაერთ ღონისძიებაზე ვყოფილვარ, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო“.
ერთმა წყვილმა, რომელიც თავდასხმას გადაურჩა, თქვა: „ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად იმედზე ფიქრი და უამრავი და-ძმის გარემოცვაში ყოფნა გეხმარება“.
ერთმა ძმამ, რომელსაც იმავე დარბაზში უტარდება შეხვედრები, სადაც თავდასხმა მოხდა, აღნიშნა: „გლოვის პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრაზეც გამოფიტული მოვედი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა იყო. ძმები და საჯარო მოხელეები თავიანთ გამოსვლებში უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავდნენ“.
ეს შეხვედრა იმის დასტური იყო, თუ როგორი მოსიყვარულე და მზრუნველი ღმერთია იეჰოვა. ვიცით, რომ „თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ აღელვებს ჰამბურგში თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა და კვლავაც მხარს დაუჭერს მათ (2 კორინთელები 1:3).
შეხვედრის თავმჯდომარე ძმა იოაკიმ ზევჩიკი და იეჰოვას მოწმეთა ორკესტრი.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ძმა მარკ სანდერსონი წარმოთქვამს მანუგეშებელ მოხსენებას, რომელიც გერმანულად ითარგმნება.
მთავრობის წარმომადგენლები წინა რიგებში სხედან და უსმენენ გამომსვლელებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ წყვილი და სხვა და-ძმები ერთმანეთს ანუგეშებენ.
ფოიეში გამოფენილი ბარათები და სამძიმრის წერილები.
ერთ-ერთი გერმანული ტელევიზია ინტერვიუს იღებს უხუცესისგან, რომელიც პირადად იცნობდა ზოგიერთ დაღუპულს.