2017 წლის 7 ივნისი
ეგვიპტე
„იმედი მაქვს, უსამართლო აკრძალვა მოიხსნება“
ეგვიპტის მთავრობა ზღუდავს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას და ბევრ მათგანს ისე ეპყრობა, „როგორც საშიშ დამნაშავეს“, — ამბობს ეგვიპტეში მცხოვრები 52 წლის იჰაბ სამირი, რომელიც იეჰოვას მოწმეა. ერთხელ ერთ-ერთ საინფორმაციო ვებგვერდზე იჰაბმა წაიკითხა სტატია, რომელიც ობიექტურად ასახავდა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას.
ეს სტატია სათაურით „რიჰამ ათიფი იეჰოვას მოწმეების შესახებ“ საინფორმაციო ვებგვერდზე 2016 წლის 19 აგვისტოს გამოაქვეყნა შბაბ მისრიმ. სტატიის ავტორმა რიჰამ ათიფმა, რომელიც კაიროს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ჟურნალისტია, ისაუბრა ეგვიპტეში იეჰოვას მოწმეების შესახებ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებზე. ის პირადად იცნობს რამდენიმე იეჰოვას მოწმეს და საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული მათი სწავლებები. ათიფი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას მოწმეები კარგი ადამიანები არიან და პატივს სცემენ სხვების შეხედულებებს“.
„ისინი სიყვარულსა და მშვიდობას ქადაგებენ“
რიჰამ ათიფი თავის სტატიაში ძირითადად მათ მიმართავს, ვინც „საერთოდ არ იცნობს იეჰოვას მოწმეებს და ვინც ვერ იტანს იეჰოვას მოწმეებს მათზე გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო“. სტატიაში მოხსენიებული იყო იეჰოვას მოწმეების რამდენიმე ძირითადი სწავლება და აღნიშნული იყო, რომ „ამ სწავლებებზე მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მათ ვებგვერდზე www.pr418.com“.
მას შემდეგ, რაც რიჰამ ათიფი ახლოს გაეცნო იეჰოვას მოწმეების საქმიანობას, აღნიშნა, რომ მოწმეებზე ქვეყანაში გავრცელებული შეხედულებები რეალობას არ შეესაბამება. ის ამბობს: „ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ კრძალავს მთავრობა მოწმეების საქმიანობას. ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან ... სიყვარულსა და მშვიდობას ქადაგებენ“. შემდეგ ჟურნალისტი მკითხველს ლოგიკური კითხვით მიმართავს: „განა შეიძლება ამ მიზეზების გამო აიკრძალოს მათი საქმიანობა?! იქნებ მიზეზი ისაა, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული მათი სწავლებები განსხვავდება ჩვენი რელიგიური შეხედულებებისგან?!“.
„იმედი მაქვს, უსამართლო აკრძალვა მოიხსნება“
სამირს იმდენად მოეწონა ათიფის სტატია იეჰოვას მოწმეების შესახებ, რომ რედაქციას სამადლობელი წერილი მისწერა. წერილში ეწერა: „იეჰოვას მოწმეებზე არაერთი სტატია წამიკითხავს, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა თუ ახასიათებდა მათ დადებითად. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ რიჰამ ათიფს მისი გაბედულებისა და გულწრფელობისთვის“. იჰაბ სამირის სამადლობელი წერილი საინფორმაციო ვებგვერდზე 2016 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
წერილში იჰაბ სამირი თავის გულისტკივილს გამოხატავდა იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ ეპყრობიან და სასულიერო პირები მათზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. სამირმა აღნიშნა, რომ სწორედ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ხდებიან მოწმეები შეურაცხყოფის მსხვერპლი, რაც საკუთარ თავზეც გამოსცადა. იგი ამბობს: „ადამიანი რომ გაიცნო, პირადად უნდა დაელაპარაკო. სწორედ ასე მოიქცა რიჰამ ათიფი, რისთვისაც ის მადლობას იმსახურებს“.
სამირმა თავისი წერილი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „იმედი მაქვს, უსამართლო აკრძალვა მოიხსნება და თავისუფლად შევძლებთ, ვემსახუროთ ღმერთს ჩვენს ქვეყანაში“.
დაიცავს ეგვიპტის მთავრობა რელიგიის თავისუფლებას?
რამდენიმე ათეული წლის წინ ეგვიპტეში იეჰოვას მოწმეები რელიგიის თავისუფლებით სარგებლობდნენ და მათი საქმიანობა ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული. მაგრამ 1960 წელს მთავრობამ მათ ჩამოართვა იურიდიული პირის სტატუსი და დაარღვია რელიგიის თავისუფლების უფლება და ადამიანის უფლებები, რომლებითაც სხვა ქრისტიანული რელიგიები სარგებლობდნენ ეგვიპტეში.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები კვლავაც აჩვენებენ თავიანთი ცხოვრებით, რომ საზოგადოებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ. როგორც რიჰამ ათიფმა აღნიშნა, ისინი ნებისმიერ ვითარებაში ავლენენ სიყვარულს და ხელს უწყობენ მშვიდობას. სამირის მსგავსად სხვა უამრავ ადამიანსაც სურს, რომ ეგვიპტეში დაცულ იქნეს იეჰოვას მოწმეების ძირითადი უფლებები და მათ კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება.