არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 9 მარტი
ეკვადორი

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კეჩუა ენის ჩიმბორასო და იმბაბურა დიალექტებზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კეჩუა ენის ჩიმბორასო და იმბაბურა დიალექტებზე

2022 წლის 5 მარტს ძმა ალან კოსტამ, ეკუადორის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კეჩუა ენის ჩიმბორასო და იმბაბურა დიალექტებზე. ეკუადორში მოსახლეობის უმეტესობა, ძირითადად, ამ ორ დიალექტზე საუბრობს. ბიბლიის ამ ელექტრონული და ბეჭდური ფორმატით გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

იმბამბურაენოვანი მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს ოტავალოს კანტონში, დედაქალაქ კიტოს ჩრდილოეთით 90 კმ-ში.

კეჩუა ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის დიდი ნაწილი ანდებში ცხოვრობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 700-დან 3 700 მეტრზე. ადგილობრივებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები აკავშირებთ. ისინი ცნობილნი არიან შრომისმოყვარეობით, ხელგაშლილობითა და სტუმართმოყვარეობით. ბევრს სჯერა შემოქმედის არსებობის და ბიბლიას ავტორიტეტულ წიგნად მიიჩნევს.

1990-იან წლებში იეჰოვას მოწმეები ლიტერატურას თარგმნიდნენ ე. წ. საერთო კეჩუაზე, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივი დიალექტის ერთგვარ ნაერთს წარმოადგენს. თუმცა იმ პერიოდში ძალიან ცოტა ხალხი ავლენდა ინტერესს ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართ. ნათელი იყო, რომ უკეთესი შედეგის მისაღწევად, ჩვენი ლიტერატურა ცალკეულ დიალექტებზე უნდა გადათარგმნილიყო.

ჩიმბორასოენოვანი მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს რიობამბაში, დედაქალაქ კიტოს სამხრეთით 208 კმ-ში.

კეჩუაენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან თანამშრომლობდნენ და მათ დაკვირვებებს ითვალისწინებდნენ. „მათი ჩართულობა ძალიან დაგვეხმარა, გამოგვეყენებინა ისეთი სიტყვები, რომლებიც ყველა დიალექტზე მოსაუბრისთვის იქნებოდა გასაგები“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მთარგმნელმა, რომელმაც გაგვიზიარა, რა სირთულეებს შეხვდნენ ჩიმბორასო ენაზე ბიბლიის თარგმნისას. იმბაბურაენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვა გვხელმძღვანელობდა. აშკარად ვხედავდით, რომ მას სურს, ყველა ადამიანი გაეცნოს მის სიტყვას და გაიგოს ის“.

ამ ორ დიალექტზე შესრულებული ბიბლიის თარგმანები დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ და-ძმებს, რომ უკეთ შეუსრულონ მსახურება ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, „რომელიც ყველანაირი ადამიანის … მხსნელია“ (1 ტიმოთე 4:10).