არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 23 აპრილი
ეკვადორი

ეკვადორში იეჰოვას მოწმეები წარმატებით ქადაგებენ სახლიდან გაუსვლელად

ეკვადორში იეჰოვას მოწმეები წარმატებით ქადაგებენ სახლიდან გაუსვლელად

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი და-ძმები მსახურების ახალ გზებს მიმართავენ. სასიხარულო ცნობის საქადაგებლად ახალ მეთოდებს წარმატებით იყენებენ ეკვადორში მცხოვრები მაუწყებლებიც.

ქალაქ ამბატოში შვიდი წლის მაუწყებელმა დედის დახმარებით მესიჯები გაუგზავნა თავის მასწავლებლებს. ზოგ წერილში ის წერდა: „დილა მშვიდობისა, მასწავლებელო! ყველანი ძალიან ცუდ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ მინდა, ერთი კარგი ამბავი გითხრათ: ბიბლია კარგ ცხოვრებას გვპირდება. ამის შესახებ წერია გამოცხადების 21:4-ში. მეტი ინფორმაციისთვის გიგზავნით ბმულს“.

ერთმა მასწავლებელმა გოგონას პასუხად ასეთი სიტყვები მისწერა: „მადლობა, ჩემო ძვირფასო. ჯერ პატარა ხარ, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად ლაპარაკობ“. მეორე მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა გოგონას და ჰკითხა, არსებობდა თუ არა წიგნის, „ბიბლიური მოთხრობები“, ელექტრონული ვერსია. თურმე მას ადრე ჰქონია ეს წიგნი, მაგრამ ერთი მოსწავლისთვის უთხოვებია. პატარა მაუწყებელმა მასწავლებელს მისწერა, რომ ამ წიგნის ჩამოტვირთვა jw.org-დან შეეძლო.

ქალაქ კევედოში ერთმა წყვილმა გადაწყვიტა, თავიანთი მობილურებიდან ამოეწერათ იმ ადამიანების ნომრები, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები და დაკავშირებოდნენ მათ. ცოლ-ქმარმა შემდეგი შინაარსის მესიჯი გაუგზავნა მათ: „ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ. ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო კარდაკარ ვეღარ ვქადაგებთ, მაგრამ ძალიან გვინდა, ვიდეოზარის მეშვეობით გესაუბროთ“.

უმრავლესობა დადებითად გამოეხმაურა ამ მოწვევას. ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ადრე ინტერესი არ გამოუვლენია იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას, ამჯერად მადლობა გადაუხადა წყვილს და შეაქო ისინი, რომ ცდილობდნენ ხალხის ნუგეშისცემას. მან თქვა, რომ ძალიან ნერვიულობდა არსებული მდგომარეობის გამო. წყვილმა ამ ქალბატონს გადაუგზავნა 2020 წლის „გამოიღვიძეთ!“-ის პირველი ნომრის, „როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი“, PDF ფორმატი. მოგვიანებით ქალმა აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერი იყო ჟურნალისთვის და თქვა, რომ არაერთხელ წაიკითხა ის.

ერთმა ყრუ-მუნჯმა დამ, სახელად ჯოანამ, რომელიც სანტო-დომინგო-დე-ლოს-ტსაჩილასის პროვინციაში ცხოვრობს, ნახატების მეშვეობით „წერილი შეადგინა“. a შემდეგ ნახატებს ფოტო გადაუღო და გადაუგზავნა ყველა სმენადაქვეითებულს, რომლებიც ტელეფონის კონტაქტებში ჰყავდა. მაგრამ მათ შორის, ვისაც ეს „წერილი“ მიუვიდა, ერთი ისეთი ქალიც აღმოჩნდა, რომელიც არ იყო სმენადაქვეითებული. ქალმა მაშინვე მისწერა საპასუხო მესიჯი დას, სადაც უამრავ კითხვას უსვამდა. ჯოანამ ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა ქალი, ამიტომ ერთ პიონერ დას, რონდას დაუკავშირდა, რომელსაც შეეძლო მის კითხვებზე პასუხების გაცემა.

დაინტერესებულმა ქალმა რონდას უთხრა, რომ ჯოანასგან გაგზავნილმა ნახატებმა ძალიან იმოქმედა მასზე. მან იკითხა, იყო თუ არა ბიბლიაში სხვა მუხლებიც, რომლებიც ეხებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. რონდამ მას წაუკითხა ლუკას 21:10, 11 და გადაუგზავნა ვიდეორგოლების — „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“ და „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“ — ბმულები. ქალმა საუბრის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც პატიმრობაში ყოფნის დროსაც „საფუძვლიანად ამოწმებდა ღვთის სამეფოზე“, ჩვენი და-ძმებიც იყენებენ ქადაგების ყველა შესაძლებლობას მაშინაც კი, როცა სახლიდან ვერ გადიან (საქმეები 28:23).

a იმის გამო, რომ სმენადაქვეითებულებს უჭირთ დაწერილი ტექსტის გაგება, ჟესტურ ენაზე მოსაუბრე მაუწყებლები ტექსტის შინაარსის გადმოსაცემად სიტყვების ნაცვლად ნახატებს იყენებენ. ამ აზროვნების ტექნიკას ეწოდება „აზრის რუკა“.