არჩეულ მასალაზე გადასვლა

ელ-სალვადორის ფილიალი (1955 წ.); გაზეთის ფურცელი: 1972 წლის 26 აპრილს სამთავრობო გაზეთში განცხადება გაკეთდა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შესახებ.

2022 წლის 23 მარტი
ელ-სალვადორის რესპუბლიკა

ელ-სალვადორში ჩვენი საქმიანობის რეგისტრაციიდან 50 წელი შესრულდა

ელ-სალვადორში ჩვენი საქმიანობის რეგისტრაციიდან 50 წელი შესრულდა

2022 წლის მარტში ელ-სალვადორის რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის რეგისტრაციიდან 50 წელი შესრულდა. იურიდიული აღიარება 1972 წლის 27 მარტს მოვიპოვეთ. მას შემდეგ მაუწყებლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 1972 წელს მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი 2 524 იყო, 1946 წელს კი მათმა რიცხვმა 5 632-ს მიაღწია. დღეისთვის ქვეყანაში 38 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს 662 კრებაში.

ქვეყანაში ჩასული ზოგიერთი მისიონერი (მარცხნიდან მარჯვნივ): ტაირა მილზი, ვივიენ ული, ჯინ ანვინი, ეველინ ტრაბერტი და მილდრედ ოლსენი.

სალვადორში პირველად მისიონერები 1945 წელს ჩავიდნენ და მთელი გულით შეუდგნენ მსახურებას. იმ დროისთვის მათთვის მარტივი იყო ბინადრობის ნებართვის მიღება. სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი რამდენიმე კრება და 1946 წლის მაისისთვის ფილიალიც გაიხსნა.

1968 წელს ქვეყანამ მიგრაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ 5 წელი შეეძლოთ ქვეყანაში დარჩენა. ხელმძღვანელი ძმები მიხვდნენ, რომ მისიონერების გარეშე დარჩენა უარყოფითად აისახებოდა სამქადაგებლო საქმეზე, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩვენი საქმიანობის დასარეგისტრირებლად საბუთები შეეტანათ.

ამ საკითხის განსახილველად 1971 წლის ბოლოსთვის სალვადორის ფილიალში დაახლოებით 30 უხუცესი დაიბარეს. შეხვედრის დროს ბალტასარ პერლამ, რომელიც მოგვიანებით ფილიალის კომიტეტში მსახურობდა, უხუცესებს სთხოვა, მისთვის თავიანთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მიეცათ. შემდეგ აუხსნა, რომ მათ სახელებსა და მისამართებს რეგისტრაციის წერილობით მოთხოვნას დაურთავდნენ.

ერთ-ერთი უხუცესი, ხუან-ანტონიო ფლორესი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, იხსენებს: „ძმა ბალტასარმა აგვიხსნა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ დოკუმენტში ჩვენი მონაცემების მითითებას — თუ ქვეყანაში ოდესმე მოწმეების საქმიანობა აიკრძალებოდა, ჩვენ პირველებს დაგვაპატიმრებდნენ“. ძმა ბალტასარმა ძმებს ისიც უთხრა, რომ თუ ვინმეს ეშინოდა, შეეძლო უკან აეღო თავისი პირადობა. თუმცა ასე არავინ მოქცეულა. საბედნიეროდ, მთავრობას არასდროს აუკრძალავს ჩვენი საქმიანობა და, შესაბამისად, არც არავინ დაუპატიმრებიათ.

ძმების წამოწყებამ გაამართლა და მომდევნო წელს იურიდიული აღიარება მოვიპოვეთ. ამან მისიონერებს საშუალება მისცა, კვლავ მოეთხოვათ მუდმივი ბინადრობის უფლება და ფილიალსაც უფრო გაუმარტივდა ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა. გარდა ამისა, ეს ჩვენს ძმებსაც დაეხმარა, დაეცვათ ნეიტრალიტეტი სკოლებსა თუ სახელმწიფო მოხელეების წინაშე.

1972 წლის 26 აპრილს ელ-სალვადორის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ასეთი რამ დაიწერა: „ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, იქადაგონ და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გაუზიარონ ხალხს, რათა დაამოწმონ ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას სახელის და მისი სიტყვის შესახებ“.

ამ სიტყვების დაწერიდან ათწლეულები გავიდა და იეჰოვას მოწმეები ელ-სალვადორში დღემდე ერთგულად აგრძელებენ ამ საქმეს (ესაია 25:9).