არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტესფაზიონ გებრემიქაელი 11 წელია, პატიმრობაში იმყოფება.

2022 წლის 26 ოქტომბერი
ერიტრეა

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისია 80 წლის ერიტრეელი იეჰოვას მოწმის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისია 80 წლის ერიტრეელი იეჰოვას მოწმის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისია შეშფოთებას გამოხატავს ერიტრეელი ძმის, ტესფაზიონ გებრემიქაელის, პატიმრობის გამო. ის უკვე 11 წელია, საპატიმროში იმყოფება. კომისია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს: „ტესფაზიონ გებრემიქაელი 80 წელს გადასცდა, ამიტომ ცკიხეში მისი ჯანმრთელობის საკითხი მწვავედ დგას“. კომისარმა, ფრედერიკ დევიმ, საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ ტესფაზიონ გებრემიქაელი.

სამართალდამცავებმა ტესფაზიონი 2011 წლის 20 ივლისს დააკავეს, როცა ის თავის რწმენაზე ესაუბრებოდა სხვებს. მართალია, ის ერიტრეაში დაიბადა, მაგრამ აღარ ითვლება ამ ქვეყნის მოქალაქედ. ამის მიზეზი ისაა, რომ 1994 წელს ხელისუფლებამ ყველა იეჰოვას მოწმეს ჩამოართვა მოქალაქეობა.

ტესფაზიონი 1971 წლის იანვარში გახდა იეჰოვას მოწმე. მას სხვები მოსიყვარულე, კეთილ და მშვიდობიან ადამიანად ახასიათებენ, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად. 1974 წელს ის დაქორწინდა ლემლემზე, რომელიც იეჰოვას მოწმეა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

და ლემლემი ამბობს: „მართალია, ძალიან ვნერვიულობ ჩემი მეუღლის ჯანმრთელობაზე და უზომოდ მენატრება, მაგრამ ვიცი, იეჰოვა ზრუნავს მასზე. გაოცებული ვარ, როგორ ინარჩუნებს ჩემი ქმარი სიმტკიცეს და იეჰოვას ერთგული რჩება. ხშირად ვფიქრობ ეკლესიასტეს 10:4-ში ჩაწერილ სიტყვებზე, რომელიც შემახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნება“.

ერიტრეაში იეჰოვას მოწმეები 1991 წლიდან იდევნებიან. მართალია, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით 32 იეჰოვას მოწმე თავდებით გაათავისუფლეს, მაგრამ 20 და-ძმა დღემდე პატიმრობაში რჩება. ყველა მათგანი განუსაზღვრელი ვადით არის დაპატიმრებული. ქვეყანაში არ მიმდინარეობს არანაირი სამართლებრივი გამოძიება იეჰოვას მოწმეთა საქმეებზე.

ადამიანის უფლებათა დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციებმა არაერთგზის დაგმეს ერიტრეის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების უგულებელყოფის ფაქტები და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდეს. 2016 წელს გაეროს საგამოძიებო კომისიამ იეჰოვას მოწმეებისა და სხვების დევნის ფაქტზე დაადგინა, რომ ერიტრეის ხელისუფლებამ ჩაიდინა „დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.

ის ფაქტი, რომ ტესფაზიონი დღემდე პატიმრობაში რჩება, იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო სასტიკად ეპყრობა ხანდაზმულ იეჰოვას მოწმეებსაც კი. 2011 წლიდან 4 მოწმე დაიღუპა ციხეში, 3 ხანდაზმული ძმა კი გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა საპატიმროში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო.

ერიტრეის ხელისუფლებამ უარი განაცხადა იეჰოვას მოწმეების თხოვნაზე, ერთად ემსჯელათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ.

ვლოცულობთ უსამართლოდ დაპატიმრებულ და-ძმებზე და გვჯერა, იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს მათ (ებრაელები 13:3).