25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ერიტრეა
ერიტრეაში იეჰოვას მოწმეების სასტიკი დევნის ისტორია 30 წელს ითვლის
ბოლო 30 წელია, იეჰოვას მოწმეები ერიტრეაში სასტიკ დევნას ხვდებიან. 1994 წლიდან მოყოლებული 270-ზე მეტი იეჰოვას მოწმე რწმენის გამო უსამართლოდ დააპატიმრეს და აწამეს კიდეც. ამჟამად 64 იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში. ყველა მათგანი ისე დააპატიმრეს, რომ არც ბრალი წაუყენებიათ და არც გაუსამართლებიათ.
1994 წლის 25 ოქტომბერს ერიტრეის პრეზიდენტმა, ისაიას აფევერკმა, გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, დაბადებით ერიტრეის მოქალაქე ყველა იეჰოვას მოწმეს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის აშკარა მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან და უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მართალია, ერიტრეაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები 1994 წლამდეც ხვდებოდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ დევნამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასობით იეჰოვას მოწმე თვითნებური დაკავებების, დაპატიმრებებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია.
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში 32 იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს ციხიდან, რამაც ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ერიტრეაში მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. 20-ზე მეტი იეჰოვას მოწმე პატიმრობაში დატოვეს. დაპატიმრებები კვლავ გაგრძელდა. მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში პოლიცია შეიჭრა ერთ-ერთ სახლში, სადაც იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი შეხვედრა მიმდინარეობდა. დააკავეს 25 ადამიანი, მათ შორის 80 წელს გადაცილებული 3 იეჰოვას მოწმე, 6 თვის ფეხმძიმე და 2 ბავშვი. მოგვიანებით ბავშვები გაათავისუფლეს, დანარჩენები კი მაი სერვას ციხეში გადაიყვანეს.
ერიტრეაში რწმენის გამო დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეებს სასტიკად ეპყრობიან და გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ. ნეგედე ტეკლემარიამი, რომელმაც ციხეში 26 წელი გაატარა, იხსენებს: „ციხეში სასტიკად გვეპყრობოდნენ, იძულებით გვამუშავებდნენ, მცველები თოკებით გვაბამდნენ, სიკვდილის პირამდე გვცემდნენ და უბრალოდ ელოდებოდნენ, როდის მოვკვდებოდით“. სამწუხაროდ, არაადამიანური მოპყრობის გამო ოთხი ძმა ციხეში დაიღუპა, სამი კი – გათავისუფლებიდან მალევე.
ის იეჰოვას მოწმეებიც, რომლებიც ციხეში არ იმყოფებიან, არაერთ სირთულეს ხვდებიან. მაგალითად, მოქალაქეობის არქონის გამო ბევრმა დაკარგა სამსახური და სახლი. გარდა ამისა, მათ გადაადგილების შეზღუდვაც აქვთ დაწესებული. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ზოგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხვდება როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. აგრეთვე, იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, რადგან ყველა სტუდენტს მოეთხოვება სამხედრო სამსახურის გავლა.
ძალიან ვწუხვართ ერიტრეაში მიმდინარე მოვლენების გამო. დარწმუნებული ვართ, იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასები არიან ერიტრეაში მცხოვრები თავისი მსახურები, რომლებიც ათწლეულებია, გაბედულებას ავლენენ და ერთგულად იტანენ სასტიკ დევნას. ყველანი ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც გააძლიეროს ისინი, რადგან რწმენის გამო „მძიმე განსაცდელებს“ იტანენ (1 პეტრე 4:12–14).