2019 წლის 17 სექტემბერი
ერიტრეა
ერიტრეა — მეოთხედი საუკუნე გისოსებს მიღმა
ბოლო პერიოდში ერიტრეა ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიან. 2019 წლის 17 სექტემბერს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სამი ძმა, პაულოს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი, პატიმრობაში იმყოფება. მათ გარდა ერიტრეაში კიდევ 39 ძმა და 10 და არის დაპატიმრებული.
დღესდღეობით პატიმრობაში მყოფი არცერთი ჩვენი და-ძმისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, არ აღუძრავთ მათ წინააღმდეგ საქმე და არც განაჩენი გამოუტანიათ ოფიციალურად. მათ არ იციან, როდის გაათავისუფლებენ. ოთხი ძმა ციხეში გარდაიცვალა, სამი მათგანი გათავისუფლებიდან მალევე დაიღუპა, რადგან ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ჯანმრთელობა საგრძნობლად ჰქონდათ შერყეული.
ერიტრეაში დევნები 1994 წლის 25 დეკემბრიდან გაძლიერდა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ერიტრეა ეთიოპიას გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. ერიტრეის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერიტრეაში დაბადებული იეჰოვას მოწმეები აღარ ჩაითვლებოდნენ ქვეყნის მოქალაქეებად, უპირველესად იმიტომ, რომ ისინი მტკიცედ იცავენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს. პრეზიდენტმა მათ ძირითადი მოქალაქეობრივი უფლებებიც კი შეუზღუდა. ამ შეზღუდვებს შორისაა ისიც, რომ იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების, ბიზნესის წარმოებისა და სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გასვლის უფლება.
ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის ცნობილმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ერიტრეა უხეშად არღვევს მსოფლიოში აღიარებულ ადამიანის თავისუფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სტანდარტებს მაშინაც არღვევს, როცა საქმე ეხება მოწმეების სასამართლო პროცესებს. ერიტრეის მთავრობა არ ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მისი მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს.
იხილეთ: „სპეციალური ანგარიში: იეჰოვას მოწმეების დევნა ერიტრეაში“.
ჩვენ კვლავ მივაწვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციას ერიტრეაში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენი და-ძმები სამაგალითო რწმენას და სიმამაცეს ავლენენ სასტიკი დევნის მიუხედავად. გვჯერა, რომ იეჰოვა ნამდვილად არის მათი თავშესაფარი და კლდე (ფსალმუნი 94:22).