5 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ესპანეთი
ესპანეთში მოეწყო სპეციალური გამოფენა „სინდისის პატიმრები“
2023 წლის 14 ოქტომბერს ბარსელონაში (ესპანეთი) მოეწყო სპეციალური გამოფენა „სინდისის პატიმრები“, რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა გაიმართა ყოფილ საპატიმროში, ლა-მოდელოში, რომელიც დღეს უკვე მუზეუმია. ამ გამოფენის მიზანია, რომ საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, მეტი ინფორმაცია მიეწოდოს იმ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებზე, რომლებმაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს.
გამოფენის ფარგლებში ვიზიტორები ეცნობიან იმ იეჰოვას მოწმეების ისტორიებს, რომლებსაც 1930-იანი წლებიდან მოყოლებული აპატიმრებდნენ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. 1960—1970-იან წლებში დაპატიმრებულთა რიცხვმა თითქმის 1000-ს მიაღწია. მათგან 40-ზე მეტი სწორედ ლა-მოდელოს ციხეში იხდიდა სასჯელს.
გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ, გაიგონ, რატომ ამბობდნენ ახალგაზრდები უარს სამხედრო სამსახურზე და რეალურად წარმოიდგინონ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი ციხეში. ამ ძმების გაბედულ საქციელს უკვალოდ არ ჩაუვლია. 1984 წელს ესპანეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ ადამიანს აქვს უფლება, სინდისის საფუძველზე უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.
გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ისტორიკოსი მიგელ ანხელ პლაზა. მას პირადად ჰქონდა მოსმენილი ზოგიერთი იეჰოვას მოწმის ისტორია, რომელიც ლა-მოდელოს ციხეში იხდიდა სასჯელს. თავის სიტყვაში მან აღნიშნა: „როცა მათ ვესაუბრებოდი, შევნიშნე, რომ არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა უარყოფითად და ციხის თანამშრომლებსაც არ იხსენიებდა კრიტიკულად. თავიანთ ამბავს ღიმილით ყვებოდნენ“. ცერემონიალს ესწრებოდა ძმა ფერნანდო ტრეპატიც, რომელიც ლა-მოდელოს ციხეში ერთ-ერთი პატიმარი იყო. მან აღნიშნა: „დღესაც კი, 50 წლის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე რომ დავდგე, იგივე არჩევანს გავაკეთებ“.
ცერემონიალის ორგანიზატორმა, ძმა დავიდ ბაიდეᲡმა, აღნიშნა: „მართალია, ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება. სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 200 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული თავისი მრწამსის გამო“.
ძალიან დასაფასებელია, რომ ათწლეულების მანძილზე ეს ძმები ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ვლოცულობთ მათთვის, ვინც დღესაც ხვდება მსგავს განსაცდელს და რწმენის გამო პატიმრობაშია (ებრაელები 13:3).