27 მაისი, 2020
ესპანეთი
სამადლობელი წერილი მედდისგან
მიმდინარე პანდემიის დროს ჩვენი და-ძმები ცდილობენ, ანუგეშონ გარშემომყოფნი და გამამხნევებელ წერილებს წერენ. ხოსე ლაპორტამ და მისმა მეუღლემ ვანესამ მანუგეშებელი წერილები გაუგზავნეს ბარსელონის (ესპანეთი) ერთ-ერთ საავადმყოფოში მედპერსონალსა და კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს. მათ წერილს ერთი მედდა გამოეხმაურა. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ წერილს, რომელსაც ამ მედდის თანხმობით, მცირედი სახეცვლილებით, ვაქვეყნებთ: a
«გწერთ მედდა ... ჩემი პაციენტის, 97 წლის ქალბატონის, სახელით. თქვენგან მიღებული წერილი მას ამ დილით წავუკითხეთ. როგორც წესი, რომელი წერილიც მოგვხვდება ხოლმე ხელთ, იმას ვუკითხავთ პაციენტებს, თუმცა ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო უბრალო დამთხვევა, რადგან ამ წერილმა, სულ მცირე, ორი ადამიანი, მე და ჩემი პაციენტი, გაგვამხნევა. იგი პალიატიურ მკურნალობას გადის. მან მითხრა, რომ ისე არ უნდა ამ ქვეყნიდან წასვლა, რომ მისი ეს კითხვა არ დაგისვათ: „ნუთუ მეც, 97 წლის ასაკში, შეიძლება მქონდეს იმის იმედი, რომ საკუთარი თვალით ვიხილავ ბიბლიური დაპირებების შესრულებას?!“.
ამ დილით გამოვნახე ათი წუთი, რომ თქვენ მიერ მითითებული ვებგვერდიდან ცოტა წამეკითხა მისთვის. მას მაშინვე გაუბრწყინდა თვალები, სახეზე კი სიხარული და მშვიდობა აღებეჭდა, ის, რაც მას ასე აკლდა. შემდეგ ერთად ვუყურეთ ვიდეორგოლს „რატომ მოკვდა იესო?“.
წავიკითხე თქვენი ჟურნალი („გამოიღვიძეთ!“) სტრესზე, რომელმაც დიდად მანუგეშა ამ მძიმე დროს; არაა სახარბიელო მდგომარეობა, მოგეხსენებათ.
ჩვენთან საავადმყოფოში ფსიქოლოგები არ გვყავს, რომლებიც ჯანდაცვის მუშაკებს დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე 24 საათის განმავლობაში მიგვიწვდება ხელი. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, იმედია, რომ ჩემთვის კვლავაც გამონახავთ დროს, რომ გავიგო მეტი იმ მსოფლიოს შესახებ, სადაც უკეთ ვიცხოვრებთ. ღვთისადმი ენით გამოუთქმელ მადლიერებას ვგრძნობ, რომ ეს წერილი ჩემი ცვლის დროს მოვიდა და ჩემს პაციენტსაც წავუკითხე.
ვიმედოვნებ, რომ მთელი ოჯახი ჯანმრთელად ხართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის იმედი, რომელიც გაქვთ, უკეთ გატანინებთ შექმნილ მდგომარეობას, ვიდრე ჩვენ. მადლობა, რომ დროს გამოყოფთ ხალხის გასამხნევებლად და ჩვენც მათ რიცხვში აღმოვჩნდით. მართალია, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ბოლო ექვსი კვირის მანძილზე თქვენ პირველად შეძელით ჩვენი გაღიმება.
გულითადი მადლობა!»
მსგავსი მადლიერების სიტყვები გვეხმარება, არ შევწყვიტოთ ქადაგება ამ პანდემიის დროს. ვლოცულობთ, რომ დროულად შერჩეული სიტყვებით კვლავაც შეძლოთ გარშემომყოფთა გამხნევება (იგავები 15:23).
a წერილის დედანი ესპანურია.