არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 9 აპრილი
ვანუატუ

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ქარიშხლით დაზარალებულთ

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ქარიშხლით დაზარალებულთ

ნუმეა, ახალი კალედონია — 2015 წლის 13 მარტს, საღამოს, წყნარი ოკეანის კუნძულ ვანუატუს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი, „პემი“ დაატყდა თავს. ახალ კალედონიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მოწოდებული თავდაპირველი მონაცემებით, ამ ტროპიკული ციკლონის შედეგად, რომელმაც კუნძულ ვანუატუს გადაუარა, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. ჯერ კიდევ უცნობია, რამხელა ზარალი მოიტანა სტიქიამ. თუმცა მოწოდებული ცნობების თანახმად, კუნძულ ეფატაზე იეჰოვას მოწმეთა 31 სახლი დაინგრა, 58 კი სერიოზულად დაზიანდა; ხოლო კუნძულ ტანაზე მოწმეთა თითქმის ყველა სახლი ან სერიოზულად დაზიანდა, ან სრულიად განადგურდა. სტიქიის შედეგად, სამი სამეფო დარბაზი დაინგრა, ერთს კი ხე დაეცა და დააზიანა.

სტიქიის შემდეგ ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელმაც დაზარალებული იეჰოვას მოწმეების დაახლოებით ასი ოჯახი საკვებით, სასმელი წყლითა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყო. გარდა ამისა, დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა კუნძულ ტანაზე ერთი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა მოწმეებს, რათა მათი აუცილებელი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. ავსტრალიის და ახალი კალედონიის ფილიალები ერთობლივად ცდილობენ, დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს, რაშიც მათთვის საცხოვრებელი სახლების ხელახლა აშენება, დაზიანებული სახლების შეკეთება, აგრეთვე მათი ლეიბებით, საბნებით, ბალიშებით, ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგება შედის.

ჟან-პიერ ფრანსინი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ახალ კალედონიაში, აღნიშნავს: „ჩვენ მადლიერებას გამოვთქვამთ იმ დახმარებისთვის, რომელიც საზღვარგარეთიდან მივიღეთ; მადლიერნი ვართ აგრეთვე ადგილობრივი სამთავრობო უწყებების, რომელთაც, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთეს ჩვენი თანამორწმუნეების დასახმარებლად. ამჟამად ვანუატუს მიმართულებით საჰაერო ფრენები განახლდა; კუნძულს ახალი კალედონიის ფილიალის წარმომადგენელი და მიმომსვლელი მსახურები სტუმრობენ, რათა პრაქტიკული დახმარების აღმოჩენასთან ერთად დაზარალებულები ანუგეშონ და სულიერად განამტკიცონ“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ახალი კალედონია: ჟან-პიერ ფრანსინი, ტელ. +687 43 75 00