2021 წლის 5 ნოემბერი
ვენესუელა
გამოიცა მათეს და იოანეს სახარებები ვენესუელურ ჟესტურ ენაზე
2021 წლის 30 ოქტომბერს გამოიცა მათეს და იოანეს სახარებები ვენესუელურ ჟესტურ ენაზე. ახალი გამოცემის შესახებ განცხადება ვენესუელის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა მიგელ გილიენმა, სპეციალური პროგრამის დროს გააკეთა, რომლის ჩანაწერსაც 2 200-ზე მეტმა და-ძმამ მოუსმინა. 2006 წლის შემდეგ მთარგმნელებმა თითქმის 7 000 ბიბლიური მუხლი თარგმნეს ვენესუელურ ჟესტურ ენაზე. თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის მთლიანი წიგნები გამოიცა.
მთარგმნელებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობა მათეს და იოანეს სახარებებით დაიწყეს, რადგან ამ ორ სახარებაში იესოს შესახებ მოთხრობილი ისტორიები საყოველთაოდაა ცნობილი, თანაც თხრობის სტილიდან გამომდინარე, სათარგმნადაც ადვილია.
ვენესუელაში პირველი ჟესტურენოვანი კრება 2003 წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ კაბიმასში. დღეს ქვეყნის მასშტაბით 53 ჟესტურენოვანი კრებაა, სადაც მთლიანობაში 1 204 მაუწყებელი მსახურობს. ვენესუელაში ბევრი ყრუ-მუნჯია დაინტერესებული ბიბლიით, მაგრამ მათთვის რთული გასაგებია ესპანური ჟესტური ენა.
ერთი სარაიონო ზედამხედველი გვიყვება: „ერთ ყრუ-მუნჯ მამაკაცს ესპანურ ჟესტურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია ჩაუვარდა ხელში, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, წაკითხულიდან ვერაფერი გაიგო. ის ღმერთს შესთხოვდა დახმარებას. ერთხელაც მას შესთავაზეს, რომ ვენესუელურ ჟესტურ ენაზე შეესწავლა ბიბლია. ამ შემოთავაზებას ის მაშინვე დასთანხმდა“.
ახალ თარგმანზე 6 მთარგმნელი მუშაობდა 10 თვის მანძილზე. მათ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ 7 ყრუ-მუნჯ და-ძმას შეაფასებინეს ნათარგმნი ტექსტი და გაითვალისწინეს მათი დაკვირვებები. ამის წყალობით ახალი თარგმანი ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ყრუ-მუნჯი ხალხისთვისაა გასაგები.
პანდემიის გამო მთარგმნელები სხვადასხვა ადგილიდან მუშაობდნენ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. განსაკუთრებულ სირთულეს დაბალი ხარისხის ინტერნეტი წარმოადგენდა. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ იეჰოვამ ყველა დაბრკოლება გადაგვალახინა“.
ვლოცულობთ, რომ მშობლიურ ენაზე გამოცემულმა ღვთის სიტყვამ, რომელიც „ხალასი ვერცხლივითაა“, ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმები კიდევ უფრო დააახლოოს იეჰოვასთან (ფსალმუნი 12:6).