არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 30 აგვისტო
ვენესუელა

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას

ნიუ-იორკი — საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ვენესუელაში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ვენესუელაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჩვენს და-ძმებსაც შეეხო. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ძალიან განიცდის და-ძმების მდგომარეობას.

იყო შემთხვევები, როცა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებში რელიგიური შეხვედრის მსვლელობის დროს შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეიჭრნენ და დამსწრეებს ელექტრონული მოწყობილობები თუ სხვა ძვირფასი ნივთები წაართვეს. ზოგჯერ მოწმეები კრების შეხვედრებს საკუთარ სახლებში ატარებენ, რადგან შეიარაღებული კონფლიქტის გამო სამეფო დარბაზებამდე მისვლა შეუძლებელია. იმის გამო, რომ არაერთი დაწესებულება დაიხურა, ბევრმა, მათ შორის ჩვენმა და-ძმებმა, სამსახურები დაკარგა. ზოგი კი, ვისაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ბოროტმოქმედებისა და კრიმინალური დაჯგუფებების სამიზნე გახდა. შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ, გაეყიდათ თავიანთი ბიზნესი და ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ მცირე 680 ჩვენი და-ძმა გაიტაცეს, 13 140-ზე მეტი შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაძარცვეს და 144 გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, 2017 წლის 10 აგვისტოს მონაცემებით, 47 ჩვენი თანამორწმუნე მოკლეს. ზოგი კი იმის გამო დაიღუპა, რომ ხელი არ მიუწვდებოდა სამედიცინო დახმარებაზე.

ხელმძღვანელი საბჭო თვალყურს ადევნებს ვენესუელაში შექმნილ ვითარებას და ნებაყოფლობით შესაწირავებს იმ და-ძმების დასახმარებლად იყენებს, რომლებსაც პირველადი დახმარება ესაჭიროებათ. ხელმძღვანელი საბჭო თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ფილიალებთან, რათა დაადგინოს, როგორ გაუწიოს საჭირო დახმარება ვენესუელაში მცხოვრებ და-ძმებს, რადგან ინდივიდუალურად დახმარების გაწევის მცდელობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

ვენესუელაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის კომიტეტმა საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელიც ზედამხედველობს 24 სხვა კომიტეტს ქვეყნის მასშტაბით, რათა და-ძმებს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელაში მცხოვრები 149 000-ზე მეტ მაუწყებელს უმძიმესი განსაცდელების ატანა უწევს ამ „ბოლო დღეებში“, ისინი კიდევ უფრო მეტი შემართებით განაგრძობენ სხვებისთვის ბიბლიური იმედის გაზიარებას (2 ტიმოთე 3:1—5; 4:2). ვენესუელაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ლუის ნავასი აღნიშნავს: „სულიერ საქმეებში ასე აქტიურად ჩართული არასოდეს ვყოფილვართ. კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა. სულ უფრო მეტი მაუწყებელი იწყებს პიონერულ მსახურებას. თუმცა ამავე დროს, ისინი მსახურებაში დიდ სიფრთხილეს იჩენენ. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ჩვენ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართ და არ ვმონაწილეობთ იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ამიტომ ისინი სიამოვნებით ისმენენ მანუგეშებელ და იმედის მომცემ ბიბლიურ ცნობას“.

ვენესუელაში იეჰოვას მოწმეები კვლავაც მხარში ამოუდგებიან ერთმანეთს და მანუგეშებელ ცნობას გაუზიარებენ სხვებს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები კვლავაც იზრუნებენ ვენესუელაში მცხოვრებ და-ძმებზე და ილოცებენ მათთვის (რომაელები 12:12, 13; 2 კორინთელები 1:3, 4).

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ვენესუელა: ლუის ნავასი, ტელ. +58-244-400-5000