2018 წლის 5 ნოემბერი
ვენესუელა
უახლესი ამბები ვენესუელიდან: ერთგულები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ვენესუელაში დღემდე გრძელდება, უარყოფითად აისახება ჩვენს და-ძმებზეც. ვენესუელის ფილიალი ყოველკვირა იღებს ინფორმაციას იმ და-ძმების შესახებ, რომლებიც ბოროტმოქმედების მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით უამრავი სამეფო დარბაზი გაიძარცვა. და-ძმების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში უკიდურესი ინფლაციაა, რაც ქმნის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტს. 2013 წლიდან დღემდე ამ ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი მაუწყებელი გადავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: არგენტინა, ბრაზილია, ეკვადორი, ესპანეთი, იტალია, კოლუმბია, პერუ, პორტუგალია, შეერთებული შტატები და ჩილე. * ამგვარი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში დარჩენილი 140 000 იეჰოვას მოწმე კვლავაც აქტიურადაა ჩაბმული სულიერ საქმეებში.
ვენესუელის ფილიალი კვლავინდებურად ზრუნავს და-ძმების საჭიროებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად შექმნილია 60 კომიტეტი, რომელთა უპირველესი ამოცანაა და-ძმებისთვის საკვების განაწილება. დღემდე ვენესუელის ფილიალმა, ბრაზილიის ფილიალის დახმარებით, 1 497 კრებაში 64 000 მაუწყებელი მოამარაგა ასობით ტონა საკვებით, რომელიც და-ძმებმა შესწირეს.
ვენესუელის ფილიალი და-ძმების სულიერ საჭიროებებზეც ზრუნავს. ამა წლის ზაფხულში ჩატარდა 122 რეგიონული კონგრესი, სახელწოდებით „იყავით გაბედულები!“ ბოლო რეგიონული კონგრესი 2018 წლის 2 სექტემბერს გაიმართა. დროულმა სულიერმა საზრდომ ძალები განუახლა ჩვენს და-ძმებს, რომელთაც მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ხელი ვერ შეუშალა, დასწრებოდნენ კონგრესს.
ვენესუელაში მცხოვრები ჩვენი თანაქრისტიანები ბიბლიური ცნობით ანუგეშებენ ბევრ ადამიანს, რომლებიც გაუსაძლის ვითარებაში არიან. დღეისათვის მაუწყებლები თვეში 200 000-მდე ბიბლიის შესწავლას ატარებენ. კრებებს სულ უფრო და უფრო მეტი ახალი სახე ემატება. ბოლო პერიოდში 7 259 ადამიანი მოინათლა.
ასეთი სულიერი ძვრები იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვა თავისი სულით აძლიერებს ვენესუელელ და-ძმებს. ვლოცულობთ, რომ ისინი კვლავ მიენდონ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, რომლის სამეფოც მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გასაჭირს (იგავები 3:5, 6).
ვენესუელაში არსებული მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, უყურეთ ვიდეორგოლს, სახელწოდებით „ვენესუელაში განსაცდელების პირისპირ მყოფი და-ძმები რწმენასა და სიყვარულს ავლენენ“.
^ აბზ. 2 ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის დროს თითოეულმა მაუწყებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ქვეყანა. ორგანიზაცია ამ მხრივ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და არც წასვლისკენ მოუწოდებს ვინმეს და არც ქვეყანაში დარჩენისკენ (გალატელები 6:5).