2021 წლის 21 აპრილი
ვენესუელა
2021 წლის გახსენების საღამოს აღნიშვნა — ვენესუელა
ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად ვენესუელაში და-ძმებმა შეძლეს სტუმრების დაპატიჟება და გახსენების საღამოს ჩატარება
ვენესუელაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები კვლავაც ხვდებიან ისეთ დიდ სირთულეებს, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, სამოქალაქო არეულობა და კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული პრობლემები. ამის მიუხედავად, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, მათ არა მხოლოდ თავად აღნიშნეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, არამედ სტუმრებიც დაპატიჟეს.
გახსენების საღამომდე ორი კვირით ადრე შეიარაღებულმა დაპირისპირებამ იფეთქა კოლუმბიის საზღვართან ახლოს, აპურეს შტატში მდებარე ქალაქ ლა-ვიქტორიაში. ადგილობრივი კრების ყველა მაუწყებელს მოუწია კოლუმბიაში გაქცევა. კოლუმბიაში არაუკიტას კრების და-ძმებმა იზრუნეს, რომ ვენესუელიდან ჩამოსული და-ძმები გახსენების საღამოს ვიდეოკონფერენციით დასწრებოდნენ.
ფალკონის შტატში არსებული ერთი კრების და-ძმები ისეთ ადგილზე ცხოვრობენ, სადაც რთულია სატელეფონო და ინტერნეტ კავშირის დამყარება. ასე რომ კრების 70-მა მაუწყებელმა მოხსენება პორტატიული მიმღებ-გადამცემის, ეგრეთ წოდებული რაციის მეშვეობით მოისმინა.
ერთმა დამ თქვა: „მართალია, ერთმანეთის დანახვა და ჩახუტება არ შეგვიძლია, მაგრამ ხმები გვესმის. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველა ერთად ვართ“.
გახსენების საღამომდე რამდენიმე დღით ადრე, კრებებმა განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმარეს და მოხსენების მოსასმენად ხალხი შორეული ადგილებიდან დაპატიჟეს. მათ მოხსენების მოსმენას რამდენიმე საშუალებით სთავაზობდნენ. სულ 3 000-ზე მეტი მოსაწვევი გაგზავნეს იქ. და-ძმების ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მაგალითად, არაის სანაპირო ქალაქში ასზე მეტმა ადამიანმა ტელეფონით მოუსმინა გახსენების საღამოს მოხსენებას.
ვენესუელის ფილიალმა ორგანიზება გაუწია, რომ გახსენების საღამოს მოხსენება 82 რადიოსადგურითა და 9 ტელეარხით გადაცემულიყო. შედეგად, დაახლოებით 8 000-მა და-ძმამ და სტუმარმა მოისმინა მოხსენება. პროგრამა გადაიცემოდა რამდენიმე აბორიგენულ ენაზეც, მართ შორის გუაჰიბო, პერმონული, პიაროა, პუმე, უარაო, ვაიუუნაიკი და ეკუანა ენებზე.
ბოლვარის შტატის ქალაქ გუასიპატში გახსენების საღამოს მოხსენება ადგილობრივი რადიოს საშუალებით უნდა გადაცემულიყო 18:30 საათზე. სამწუხაროდ, ამ მხარეში ხშირად ითიშება ელექტროენერგია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა ვერ შეძლებდა მთლიანი პროგრამის მოსმენას. თუმცა, რადიოსადგურში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მოხსენება იმ ღამის განმავლობაში ათზე მეტჯერ გამეორდა. რამაც შესაძლებელი გახადა მთლიანი პროგრამის მოსმენა სხვადასხვა დროს. ბოლო მონაცემებით 600-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა მოხსენება. ერთმა ძმამ აღნიშნა: „იეჰოვას არ სურდა, რომ ვინმეს გამორჩენოდა ეს განსაკუთრებული მოხსენება“.
მართალია, „განსაცდელების გამო“ და-ძმები დამწუხრებულები იყვნენ, მაგრამ მათ დიდად გაიხარეს, როცა დაინახეს, როგორ აკურთხა იეჰოვამ მათი მცდელობა, აღენიშნათ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო და სხვებიც დაეპატიჟებინათ (1 პეტრე 1:6, 7).