2021 წლის 25 ოქტომბერი
ზამბია
გამოიცა ბიბლია ლუნდა ენაზე
2021 წლის 16 ოქტომბერს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ლუნდა ენაზე. ახალი გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა სპეციალური პროგრამის დროს, რომელიც აფრიკის სამ ქვეყანაში სტრიმინგის მეშვეობით გადაიცემოდა. ბიბლიის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2022 წლის თებერვლიდან.
ზამბიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ემანუელ ჩიპოსამ, ბიბლიის გამოცემის შესახებ განცხადება წინასწარ ჩაწერილი მოხსენების დროს გააკეთა. პროგრამა გადაიცემოდა ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ზამბიაში.
ლუნდაენოვანი ხალხი ტრადიციულად დაკავებულია სოფლის მეურნეობით. მათ მოჰყავთ სიმინდი, მანიჰოტი და ბატატი. ზამბიაში ისინი მდინარე ზამბეზის სათავის მახლობლად სახლობენ. ზამბეზი აფრიკაში სიდიდით მეოთხე მდინარეა ნილოსის, კონგოსა და ნიგერის შემდეგ. იეჰოვას მოწმეებმა ლუნდაენოვან ხალხთან ქადაგება 1930-იან წლებში დაიწყეს. ამ ენაზე პუბლიკაციების თარგმნა 2003 წლიდან მიმდინარეობს.
2019 წლის სექტემბერში ლუნდაენოვანი მთარგმნელები ახალაშენებულ მთარგმნელობით ოფისში გადაიყვანეს. ამ ცვლილებამ საგრძნობლად გაუადვილა მთარგმნელებს საქმე. მაგალითად, ახლა მათ ბევრად უკეთესი ინტერნეტი აქვთ.
წლების მანძილზე მაუწყებლებს ძვირადღირებული ბიბლიის შეძენა უწევდათ, რომელიც არც ადვილად იშოვებოდა და თან არც თანამედროვე ენით იყო შესრულებული. თუმცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბევრად უფრო ადვილი გასაგებია. მაგალითად, ძველ თარგმანებში დაბადების 3:15-ში სიტყვა „შთამომავალი“ მრავლობით რიცხვში იდგა, რის გამოც მაუწყებლებს უჭირდათ იმის ახსნა, რომ აქ, უმთავრესად, იესო იგულისხმება. თუმცა ახალ თარგმანში ეს სიტყვა ორიგინალის მიხედვით მხოლობით რიცხვშია გადმოტანილი.
მთარგმნელები ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, ამ თარგმანის წყალობით ხალხი მეტ სიახლოვეს იგრძნობს ჩვენს შემოქმედთან, იეჰოვასთან“.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ლუნდა ენაზე გამოცემა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ხალხზე ზრუნავს. ეს ბიბლია იეჰოვას ხალხს დაეხმარება, კვლავაც იქადაგონ სამეფოს შესახებ და „მათმა ცნობამ ქვეყნიერების კიდეებს [მიაღწიოს]“ (რომაელები 10:18).