24 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ზიმბაბვე
საჯარო სივრცეში ქადაგება ზიმბაბვეში გამართულ აგროკულტურულ გამოფენაზე
2023 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში აგროკულტურული გამოფენა მოეწყო, რომელსაც 500-ზე მეტი მონაწილე და 250 000-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ჩვენი პუბლიკაციები წარმოდგენილი იყო ინგლისურ, ნდებელე (ზიმბაბვე) და შონა ენებზე. ამ გამოფენაში მონაწილეობა 79-მა და-ძმამ მიიღო. გავრცელდა თითქმის 6 300 პუბლიკაცია და ბიბლიის შესწავლა მოითხოვა 116-მა ადამიანმა.
ერთი მოზარდის, თამუკას, ყურადღება მიიპყრო წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ პირველმა და მეორე ტომმა. როცა მან გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიის უფასო ინტერაქტიულ სასწავლო კურსს სთავაზობდნენ ხალხს, მაშინვე იკითხა: „შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდოთ ამ კურსის შესახებ?“. მან შესწავლაც მოითხოვა, როცა გაეცნო, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა ბროშურით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ . მას ბიბლიას ერთი ადგილობრივი ძმა ასწავლის.
ერთ მამაკაცს განსაკუთრებით ჩვენი და-ძმების თავმდაბლობა და ქადაგების მეთოდი მოეწონა. ჩვენმა ძმამ მას მათეს 28:19, 20 წაუკითხა და უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეები იესოს მაგალითს მიჰყვებიან და ამიტომაც უზიარებენ სხვებს ბიბლიურ ცნობას. როგორც ამ მამაკაცმა აღნიშნა, მასაც სურდა, იეჰოვას მოწმეების მსგავსად გაბედული ყოფილიყო. ძმამ მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, რაზეც ეს მამაკაცი დათანხმდა.
ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან კეთილი და მოკრძალებული ხალხია. ძმებმა მას აუხსნეს, რომ ასეთი თვისებების გამოვლენაში ღვთის სიტყვის შესწავლა და მასში მოცემული პრინციპების გამოყენება გვეხმარება. ერთმა დამ მას აჩვენა ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ეს ქალბატონი გაოცებული იყო, რომ უფასოდ არაერთი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, თანაც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მან რამდენიმე პუბლიკაცია და ბიბლია აიღო. გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა: „ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია ასეთი ძვირფასი საჩუქარი“.
ჩვენი და-ძმები არაფორმალურადაც ქადაგებდნენ გამოფენის ფარგლებში. ერთმა ძმამ საუბარი წამოიწყო ქალთან, რომელიც გამოფენის მონაწილე იყო. დღის ბოლოს ეს ძმა მეორედ მივიდა ამ ქალბატონთან, მისცა რამდენიმე პუბლიკაცია და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ის სიხარულით დათანხმდა ამ შემოთავაზებას და აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა, ბიბლიის პირადი ეგზემპლარი ჰქონოდა. მან ამ ძმას საკონტაქტო ინფორმაცია გადასცა, რომ მოგვიანებით ერთ დას მოენახულებინა ის.
ერთმა დამ, რანგანაიმ, რომელიც გამოფენაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნა: „ბოლო წლებში ჯანმრთელობა მაწუხებს და მიჭირს, სრულად ჩავერთო მსახურებაში. თუმცა ვისწავლე, რომ სირთულეებზე კი არ უნდა ვიყო ფოკუსირებული, არამედ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღვთისგან მაქვს. ერთ-ერთი ასეთი კურთხევა სწორედ ამ გამოფენაში მონაწილეობა იყო. ამან გამამხნევა და თავდაჯერებულობაც შემმატა“.
გვახარებს ასეთი შემთხვევების მოსმენა და გვეამაყება, რომ ზიმბაბველი და-ძმებთან ერთად „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელები 3:9).